არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი დატოვა. ამის შესახებ მან სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
“იმის გათვალისწინებით, რომ რამდენიმეთვიანი დაძაბული მოლაპარაკებები დასრულდა შეთანხმებით, რომელშიც პარტიის თავმჯდომარესთან ერთად, მე პარტია “ქართულ ოცნებას” წარმოვადგენდი – ვთვლი, რომ პარლამენტში შემდგომი პოლიტიკური პროცესის სწორად წარმართვისთვის, მართებული იქნება დავტოვო სპიკერის პოზიცია და ამ თანამდებობაზე წარვადგინოთ ადამიანი, რომელიც პარლამენტის მუშაობას უფრო ნეიტრალური პოზიციიდან გაუძღვება. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გავაკეთოთ როტაცია.
ახლა, როცა პარლამენტში წარმომადგენლობითი ოპოზიცია გვყავს, ვთვლი, რომ ჩემი ადგილი დარბაზშია, კოლეგების გვერდით და არა სპიკერის პოზიციაზე.
ჩემთვის დიდი პატივი იყო მე-9 და მე-10 მოწვევის პარლამენტებში თავმჯდომარის თანამდებობაზე მუშაობა. მადლობას ვუხდი გუნდს და ჩვენს თანამოქალაქეებს მხარდაჭერისთვის. ერთად განვაგრძობთ მუშაობას და ბრძოლას მომავალი გამარჯვებებისთვის!“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.