ფოტორეპორტაჟი ისრაელის საემიგრაციო დაწესებულებიდან – რა პირობებში აღმოჩნდება მოქალაქე, რომელსაც საზღვარზე არ გაუშვებენ

როგორც ცნობილია, რამდენიმე დღის წინ ხობიდან ისრაელში 4 მოქალაქე მოლოცვის მიზნით გაემგზავრა, რომელთაგან სამი ხობის მერიის თანამშრომელი, მეოთხე კი მათი მეგობარია. არც ერთი მათგანი ისრაელის სახელმწიფოში არ შეუშვეს და უკან დაბრუნებამდე საემგირაციო დაწესებულებაში გაანაწილეს. ერთ-ერთმა საჯარო მოხელემ დაწესებულებაში ფოტოების გადაღება შეძლო, რომლებიც “Newsportal.ge”-ს ექსკლუზიურად მიაწოდა მას შემდეგ, რაც ოთხივე მათგანი სამშობლოში დაბრუნდა.

ფოტოებში კარგად ჩანს, რომ დაწესებულება დახურულია და ფანჯრების მაგივრად ოთახებში გისოსებია ჩასმული. ოთახებს აქვს რკინის კარი, რომელიც ჩაკეტილია და დაწესებულებაში მოხვედრილ მოქალაქეებს, რომელთა შორის უმრავლესობა ეროვნებით ქართველია, ოთახის დატოვება დღეში მხოლოდ ერთხელ, მავთულხლართებით დაცულ ეზოში 10 წუთიანი სეირნობის მიზნით შეუძლიათ.

ხობელი ახალგაზრდები ყვებიან, რომ საემიგრაციო დაწესებულებად წოდებული შენობა ციხისგან არაფრით განსხვავდება.

“იმ სართულზე სადაც ქალები ვყავდით, შედარებით ნორმალური პირობები იყო, თუმცა, სანამ არ მოვითხოვეთ, ოთახი არც დაულაგებიათ, სრული ანტისანიტარიაა, ჩვეულებრივი ციხეა, ასეთი საემიგრაციო დაწესებულება არ გამიგია. ძაღლებივით ექცევიან მოქალაქეებს, განსაკუთრებით, ქართველებს. დაგვცინოდნენ. ერთი გოგონა შემოიყვანეს, რომელიც მოსკოვიდან ჩამოფრინდა ისრაელში, თუმცა არ გაუშვეს, იმიტომ რომ ქართული გვარი ჰქონდა, არადა რუსეთის მოქალაქეა. ასეთი სისასტიკე, ფსიქოლოგიური ძალადობა არსად მინახავს. ერთადერთხელ მოგვცეს დარეკვის უფლება, რომ დედასთან დამერეკა, ისიც ჩხუბის შემდეგ. არც ადვოკატი, არანაირი უფლების დაცვა, ამის საშუალებას არავინ მოგცემს იქ. შეიძლება, მედიამ რომ აიტაცა ეს ამბავი და საგარეო საქმეთა სამინისტრო რომ გახდა ინფორმირებული ამიტომ გამოგვიშვეს ორ დღეში, თორემ აქ ხალხი კვირაობით ზის ამ გაუსაძლის პირობებში. წლინახევრის ბავშვის დედამ მითხრა, მესამე დღეა, აქ ვართ და როდის გაგვიშვებენ არ ვიცითო, ამ ბავშვის ტირილი ესმოდა მთელ დაწესებულებას მთელი დღე. ორი სტუდენტი გოგონაც შემოიყვანეს მეორე დღეს, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნიდან იყვნენ და ისრაელში სწავლობდნენ, 10-10-ჯერ მაინც აქვთ გადაკვეთილი საზღვარი, თუმცა ასე არაფრის კითხვის გარეშე უთხრეს მათაც უარი შესვლაზე. განუკითხაობაა, საშინელება, სტრესი, უიმედობა, არ იცი, როდის გაგიშვებენ, არ იცი რატომ გითხრეს უარი, ან სად მივყავდით ისიც კი არ ვიცოდით. მანქანა, რითიც წავედით, ასევე გისოსებიანი იყო და ავტომატიანი ფორმიანი კაცები მოგვყვებოდნენ. პატიმრებივით მოგვექცნენ, ფაქტობრივად”, – აცხადებს ხობელი ახალგაზრდა, რომელიც მერიის თანამშრომელია და კიდევ ერთხელ გვთხოვა მისი და მისი მეგობრების ვინაობის გამხელისგან თავის შეკავება.

კიდევ ერთი ხობელი ახალგაზრდა მამაკაცი, ყვება, რომ იმ ოთახებში, სადაც კაცები ჰყავდათ განთავსებული, სრული ანტისანიტარია იყო, მათ შორის არ იყო არც ერთ ოთახში სააბაზანო.

“ჩვენი ერთი მეგობარი ცოტა ემოციურია. ეს ადვილად შენიშნეს დაწესებულების თანამშრომლებმა, რის შემდეგაც სრული ფსიქოლოგიური სტრესი მიაღებინეს. ხან შუქს აქრობდნენ ოთახში, ხან ფსიქიურად დაავადებული შემოიყვანეს მასთან. საღამოს ჰკითხეს, გული ხომ გაქვს ჯანმრთელიო და ცალკე ოთახში გადაიყვანეს, სადაც მარტო უნდა ყოფილიყო, ფაქტობრივად, დასცინოდნენ. მერე ეს ბიჭი ცუდად გახდა და ექიმის გამოძახება გახდა საჭირო. ასეთი რამ არასდროს მინახავს, საშინელებაა იქ რაც ხდება. საკვებიც კი იმდენად საშინელია, ვერც შეჭამ ნორმალურად”, – ამბობს ხობელი ახალგაზრდა.

ფოტოების მიღების შემდეგ “Newsportal.ge” კიდევ ერთხელ დაუკავშირდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს, რომელთაც მივაწოდეთ აღნიშნული ფოტოების სანახავად შესაბამისი ინტერნეტ-ბმული.

უწყებაში აცხადებენ: “როგორც მოგეხსენებათ, ეს არის ისრაელის საემიგრაციო დაწესებულება, როდესაც საქართველოს მოქალაქეები არასათანადო მოპყრობის გამო მიმართავენ საქართველოს საკონსულოს, ის ყოველთვის მყისიერ რეაგირებას ახდენს”.

აქვე, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ როგორც ჩვენთან საუბარში ხობელმა ახალგაზრდებმა განმარტეს, მიუხედავად რამდენიმე მცდელობისა, საქართველოს საკონსულოს ვერ დაუკავშირდნენ.

“ორი დღე ვრეკეთ მითითებულ ნომრებზე და გათიშული იყო ტელეფონი, იმ ბავშვიანმა ოჯახმაც გვითხრა, რაც აქ ვართ ვრეკავთ, მაგრამ ვერ გავდივართ კონტაქტზეო”, – აღნიშნავს ჩვენი რესპოდენტი.

(ფოტოების სრულად სანახავად დააკლიკეთ სასურველ ფოტოს)

კომენტარები

დატოვე კომენტარი