ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსის თვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის,უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდისთვის, აგრეთვე მასწავლებელთა საგნის გამოცდისა და საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებლად რეგისტრაცია პირველი მარტის 10:00 საათიდან დაიწყება და 31 მარტის 18:00 საათამდე გაგრძელდება.
რეგისტრაცია მიმდინარეობს მხოლოდ ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე online.naec.ge. გამოცდებში მონაწილეობის მსურველმა უნდა აირჩიოს შესაბამისი გრაფა და მიჰყვეს ინსტრუქციას.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა 2021 წლის ელექტრონული კრებული “ცნობარი აბიტურიენტებისათვის“. ცნობარში მოცემულია ცხრილი, რომელშიც ასახულია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაცემები, თითოეული გამოცდისათვის მინიჭებული კოეფიციენტები, დადგენილი კომპეტენციის ზღვრები, სწავლის საფასური და სხვა დეტალები.
ცნობარში ასევე მითითებულია გამოცდებთან დაკავშირებული შემდეგი ინფორმაცია: სიახლეები, რეგისტრაციის ინსტრუქცია, ინფორმაცია საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის, საგამოცდო პროცესის, შედეგების გამოქვეყნების, აპელაციის პროცედურის, ჩარიცხვისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების წესის შესახებ.
აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად ჩატარდება: რეგისტრაციის პირველ ეტაპზე აბიტურიენტმა უნდა ჩაწეროს სარეგისტრაციო გრაფაში პირადი მონაცემები, აირჩიოს საგამოცდო ქალაქი და ჩასაბარებელი საგნები. საგნის შეცვლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა აბიტურიენტებს 15 აპრილის 18:00 საათამდე შეუძლიათ, საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა კი მათ აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ.
აქვე შეგახსენებთ, რომ ცენტრი პასუხისმგებელია მხოლოდ საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე www.naec.ge და ფეისბუკგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაზე.
ცენტრი სთხოვს ყველა აბიტურიენტს, არ ენდოს გადაუმოწმებელ ინფორმაციას.