საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, ის ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონებს ვეტოს აუცილებლად დაადებს.
„მოგმართავთ თქვენ, ვინც ამ საღამოს დგახართ რუსთაველზე, სადაც არაერთხელ ვიდექი მე თვითონ. ვდგავარ აქ, ნიუ იორკში და ჩემ უკან არის თავისუფლების ქანდაკება. ეს არის ის სიმბოლო, რისთვისაც საქართველო მუდამ იბრძოდა, მე ვარ თქვენ გვერდით. დღეს თქვენ წარმოადგენთ თავისუფალ საქართველოს. იმ საქართველოს, რომელიც თავის მომავალს ხედავს ევროპაში და არავის მისცემს უფლებას, რომ წაართვას ეს მომავალი. ეს მომავალი ეკუთვნის ჩვენ შემდეგ თაობებს, ეს მომავალი არის ის, რომელსაც ამზადებდნენ ჩვენი წინა თაობები და რომელსაც ვამზადებდით ჩვენ. ამიტომ არავის აქვს უფლება, რომ წაგართვათ თქვენ თქვენი მომავალი. არავის აქვს უფლება დააგოს მახეები. ეს კანონი არავის სჭირდებოდა და არსაიდან არ მოდის, თუ არა მოსკოვის კარნახით. ეს კანონი არის გასაუქმებელი, რა ფორმითაც გინდათ! არანაირად არ არის გასაგზავნი ვენეციის კომისიაში და ვენეციის კომისიამ კარგად იცის, რა ტიპის კანონია ეს. პირველივე დღიდან მე ვთქვი, რომ ამ კანონს დავადებდი ვეტოს და დავადებ ვეტოს! არ მაინტერესებს მისი მუხლობრივი განხილვა, მისი მსგავსება ძველ ამერიკულ კანონთან, რომელიც კარგად ვიცით, რომ სულ სხვა რამეს ემსახურება. მე მაინტერესებს მხოლოდ საქართველოს მომავალი, მხოლოდ ის კონსტიტუცია, რომლის გარანტი ვარ კონსტიტუციით და ამ კონსტიტუციაში წერია, რომ საქართველოს ყველა ინსტიტუტი და პირველ რიგში, მე მთავრობა, ხელისუფლება, ვალდებულია, რომ ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ქვეყანა მივიყვანოთ ევროკავშირამდე, ევროინტეგრაციის გზა იყოს დაცული. დღეს ვინც ამ კანონს მხარს უჭერს და ვინც ამ კანონს ხმა მისცა, ყველა არღვევს ამ კონსტიტუციას. ყველა გვაშორებ ევროპისგან“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.