ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის საკვები პროდუქტების გაცემა დაიწყო – ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
ახალსოფლის საბავშვო ბაღში, პროდუქტების გაცემის პროცესს მონიტორინგი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანმა, მერის მოადგილე კონსტანტინე კაკავამ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გაუწიეს.
მერის განცხადებით, საკვები პროდუქტები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 62 საბავშვო ბაღის 4300-მდე აღსაზრდელს გადაეცემა.
,,დღეს დავიწყეთ იმ პროდუქტების გაცემა, რომელიც საბავშვო ბაღებში ბავშვთა კვებისთვის იყო გათვალისწინებული. საკვებს 4300-მდე აღსაზრდელი მიიღებს და ეს პროცესი მანამ გაგრძელდება, სანამ საბავშვო ბაღებში შეზღუდვები იმოქმედებს. ჩვენთვის თითოეულ აღსაზრდელზე ზრუნვა უმნიშვნელოვანესია“-აღნიშნა გიორგი შენგელიამ.
საკვები პროდუქტის გადაცემას, ა(ა)იპ „სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრი“ უზრუნველყოფს.
კორონავირუსის პანდემიის გამო, სააღმზრდელო პროცესი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში შეჩერებულია.