შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტმა, შემოქმედებით იდეათონს-,,შენი იდეა მომავლის ზუგდიდს!“ უმასპინძლა.
შემოქმედებითი იდეათონი კრეატიული იდეების კონკურსია, რომელიც ევროკავშირის პროგრამის EU4Culture მხარდაჭერილ ზუგდიდის კულტურის განვითარების სტრატეგიის შემუშავების პროცესში, ზუგდიდის მერიისა და მისი პარტნიორების ხელშეწყობით გაიმართა.
ღონისძიებას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია დაესწრო.
მერმა სტუდენტებთან სიტყვით მიმართვისას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კულტურის სტრატეგიის დოკუმენტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ევროკავშირსა და ყველა იმ ორგანიზაციას, რომლის მხარდაჭერითაც ეს დოკუმენტი იქმნება მადლობა გადაუხადა.
,,კულტურის სტრატეგია და ერთიანი სისტემური ხედვა ამ მიმართულებით აქამდე არ გვქონია და რა თქმა უნდა დღის წესრიგში დადგა ამ დოკუმენტის შექმნა.
დოკუმენტზე მუშაობა გამჭვირვალობით გამოირჩეოდა, იყო ბევრი საჯარო განხილვა, ინტერვიუები, გამოკითხვები თუ რა მიმართულებით უნდა წასულიყო კულტურული და შემოქმედებითი ცხოვრება ჩვენი მუნიციპალიტეტის. მინდა მადლობა გადავუხადო ევროკავშირს, იმ ორგანიზაციებს, რომელთა უდიდესი მხარდაჭერით იქმნება ეს დოკუმენტი და რა თქმა უნდა ჩვენს ექსპერტს, ძირითად სულისჩამდგმელს ამ დოკუმენტის ბატონ ლევან ხარატიშვილს, მისი შემოქმედებითი მუშაობისთვის, დაუღალავი შრომისთვის და ძალიან დიდი ძალისხმევისთვის“.
მამუკა წოწერიამ იდეის ავტორებს წარმატებები უსურვა.
,,დარწმუნებული ვარ ისეთი პროექტები შეიქმნება, რომელიც აუცილებლად აისახება ჩვენს სტრატეგიის დოკუმენტში და ერთ-ერთი პრიორიტეტული განხორციელების გეგმის ნაწილი გახდება“.
იდეათონის მიზანია წაახალისოს, გამოავლინოს და ხელი შეუწყოს ზუგდიდის ახალგაზრდების საინტერესო, კრეატიულ და ინოვაციურ იდეებს, რომლებიც ზუგდიდში შემოქმედებითი სივრცეებისა და ზუგდიდის, როგორც შემოქმედებითი ქალაქის პოზიციონირებასა და განვითარებაზე იქნება ორიენტირებული.
გამოვლინდა სამი გამარჯვებული, რომელთაც ფულადი ჯილდო გადაეცათ.