ზუგდიდში ხელოვნების ფესტივალი “არტ-კოლხი” მიმდინარეობს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, მამუკა წოწერიამ დღეს ხელოვნების ფესტივალ ,,არტ-კოლხის” მონაწილეებს მერიაში უმასპინძლა.

,,ხელოვნება საუბრობს იქ სადაც სიტყვები უძლურია.  ვისაუბროთ იმ ენაზე, რომელიც ყველას გვესმის. ძალიან მნიშვნელოვანია კულტურული ღონისძიებების სხვადასხვა ფორმატში ჩატარება, რადგან მხარეებს შესაძლებლობა გვეძლევა ერთმანეთს საკუთარი კულტურა გავუზიაროთ.” – აღნიშნა აუდიტორიასთან სიტყვით მიმართვისას მერმა, მამუკა წოწერიამ.

მერმა ასევე მადლობა გადაუხადა ორგანიზატორებს და თითოეულ მონაწილეს ლამაზი წარმოდგენისთვის.

შეხვედრაზე ,,არტ-კოლხი”-ს მონაწილეები საკუთარი ქვეყნისთვის დამახასიათებელ ტრადიციულ სამოსში იყვნენ წარმოდგენილნი.

ხელოვნებისა და ტურიზმის განვითარების ცენტრ “ოდიშის” ორგანიზებით, 25 ივნისიდან ზუგდიდში რიგით მეექვსე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი “არტ-კოლხი” მიმდინარეობს.

ფესტივალი სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

ღონისძიება ცენტრალური ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე აღლუმით გაიხსნა.

ფესტივალის ბოლო დღე ხვალ ანაკლიაში კონცერტით და დაჯილდოების ცერემონიალით დასრულდება. ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი “ART-კოლხი” 2015 წელს დაფუძნდა. ფესტივალს წლების განმავლობაში სტუმრობდნენ სხვადასხვა ქვეყნები: ლიტვა, უკრაინა, ბულგარეთი, თურქეთი, სამხრეთ ამერიკა-კოლუმბია, ბელარუსი, ლატვია, რუმინეთი. ფესტივალის მიზანია კულტურის სფეროში საერთაშორისო მასშტაბით გამორჩეული ნიჭიერი, შემოქმედი, ადამიანების, კოლექტივების, ანსამბლების გამოვლენა, წარდგენა საზოგადოების წინაშე.

კომენტარები

დატოვე კომენტარი