მანქანის განმეორებითი ტექინსპექტირება 1-ელი თებერვლიდან ფასიანი ხდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, 2023 წლის პირველი თებერვლიდან, ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის ფარგლებში, ავტოსატრანსპორტო საშუალებების განმეორებითი ტექნიკური ინსპექტირება ფასიანი ხდება.

ავტოსატრანსპორტო საშუალების განმეორებით ტექნიკურ ინსპექტირებაზე „სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების პერიოდულობა და საფასურები“ (დამტკიცებული საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №37 დადგენილებით) შეტანილი ცვლილებით (საქართველოს მთავრობის 2022 წლის 9 დეკემბრის №562 დადგენილება) დგინდება საფასურები შემდეგი განაკვეთებით:

• მძიმეწონიანი სატვირთო და სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის (M2, M3, N2, N3 – კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებისთვის) – 30 ლარი;

• მსუბუქი სამგზავრო (M1 კატეგორია) და სატვირთო (N1 კატეგორია) ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის, და მისაბმელებისთვის (O3, O4) – 20 ლარი;

• ელექტრომობილებისთვის (M1 კატეგორია) – 15 ლარი.

კომენტარები

დატოვე კომენტარი