მთავრობამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდებისთვის საგანმანათლებლო პროგრამა დაიწყო

საქართველოს მთავრობამ დაიწყო საგანმანათლებლო პროგრამა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდებისთვის. საკითხი დღეს მთავრობის სხდომაზე განიხილება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, მიმდინარე წელს ამ პროგრამით ისარგებლებს 142 აბიტურიენტი ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან. მთავრობის მეთაურის განმარტებით, ისინი მომზადებას გაივლიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში.

„ჩვენ გუშინ ავამოქმედეთ საპილოტე პროგრამა, რომელიც დარწმუნებული ვარ, ძალიან წარმატებული იქნება. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ახალგაზრდების განათლებას სრულად დავაფინანსებთ ჩვენ, მათ შორის საცხოვრებელ კომპონენტსაც. მსურს, ახალგაზრდებს და მათ მასწავლებლებს გადავუხადო დიდი მადლობა. თითოეული მასწავლებელი, რომელიც ოკუპირებულ ტერიტირებზე, ჩვენს მომავალ თაობას აძლევს განათლებას, არის ნამდვილი გმირი“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მთავრობის მეთაურის თქმით, აღნიშნული პროგრამა სამშვიდობო ინიციატივის -„ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ შემადგენელი ნაწილია.

კომენტარები

დატოვე კომენტარი