სამართალდამცავებმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალური ოფისის მისამართით გასროლის ფაქტზე 29 წლის მამაკაცი დააკავეს.
როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით, კახეთში აიყვანეს. შსს-ს ინფორმაციითვე, ავტომობილიდან გასროლა პნევმატური იარაღიდან მოხდა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული დ.კ. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით, კახეთში დააკავეს.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 17 მარტს, დ.კ.-მ კახეთის გზატკეცილზე მდებარე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის ფასადზე არსებულ ბანერს ავტომობილიდან, პნევმატური იარაღიდან ესროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა დ.კ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს.
პოლიციამ, დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის იარაღი – პნევმატური პისტოლეტი, ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნები და ნარკოტიკული საშუალება “ მარიხუანა” ნივთმტკიცებად ამოიღო.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს”, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.