პრემიერმა მინისტრებს მიმართა, დაიბარონ სურსათის ყველა მსხვილი იმპორტიორი და გაზრდილ ფასებზე რეაგირება მოახდინონ

პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ბრინჯის, წიწიბურას, მაკარონის, შაქრის, მარილის და ზეთის საბითუმო ფასებზე არის 60-80%-ის ფასნამატი, რასაც ასევე ემატება საცალო ფასნამატი, რომელიც მინიმუმ 25-30%-ს შეადგენს.

ღარიბაშვილის შეფასებით, „ხალხის ხარჯზე ასეთი გამდიდრება არ შეიძლება – ეს არის არასწორი საქციელი“.

„რამდენიმე კვირის წინ კონკურენციის სააგენტოს დავავალე სურსათის პროდუქტების ფასების შესწავლა. მაინტერესებდა, თუ რამდენად კეთილსინდისიერად მუშაობენ იმპორტიორები და რამდენად გონივრული მოგებით მუშაობენ ისინი. შედეგი მართლაც შემაშფოთებელი იყო და მინდა საზოგადოებას პირველადი მოკვლევის შედეგი წარვუდგინო.

ძირითადი პროდუქტები დავამუშავებინე – მაგალითად, ბრინჯის, წიწიბურას, მაკარონის, შაქრის, მარილის და ზეთის საბითუმო ფასებზე არის 60-80%-ის ფასნამატი, რასაც შემდეგ ემატება საცალო ფასნამატი, რომელიც მინიმუმ 25-30%-ს შეადგენს. გამოდის, რომ ჯამში ჩვენს მოსახლეობას უწევს თითქმის 100%-იანი ფასნამატით ამ პროდუქტების შეძენა, რაც კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ეს ვითარება, რაც დღეს ქვეყანაში გვაქვს, არის მიღწეული და შენარჩუნებული. ამ დროს იმპორტიორების მხრიდან ასეთი დამოკიდებულება არის მიუღებელი.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მინდა დავავალო ეკონომიკის, ფინანსთა და სოფლის მეურნეობის მინისტრებს, რომ სასწრაფოდ გააკეთოთ სამუშაო ჯგუფი, დაიბაროთ ყველა მსხვილი იმპორტიორი, დაიწყოთ ამ საკითხის შესწავლა და მოახდინოთ შესაბამისი რეაგირება. მაქსიმუმ 2 კვირაში მაგიდაზე უნდა მქონდეს სრული სურათი შესაბამისი გამოსავლის გზებით. ეს მიუღებელია – გვახსოვს, რომ ამხელა მოგებით მუშაობდნენ მედიკამენტების იმპორტიორები და ისიც გვახსოვს, თუ რამხელა აჟიოტაჟი მოჰყვა იმას, რომ ეს თემა გავხსენით, მაგრამ შედეგიც სახეზე იყო. გავხსენით თურქეთის ბაზარი და დავაწესეთ რეფერენტული ფასები, რამაც 60-80%-ით შეამცირა მედიკამენტებზე ფასი. ჯამში, ჩვენს მოსახლეობას 200 მილიონი ლარის ეკონომია გამოუვიდა. აქაც ვხედავ, რომ, სამწუხაროდ, არ არის სწორი მიდგომა იმპორტიორების მხრიდან, ამიტომ საჭიროა მათთან საუბარი და დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენს ამ მოწოდებას ანგარიშს გაუწევენ და გაითვალისწინებენ. არ შეიძლება ხალხის ხარჯზე ასეთი გამდიდრება – ეს არის არასწორი საქციელი. რაც არის გონივრული პროცენტები და მარჟები, იმ ფარგლებში უნდა იყოს ეს ყველაფერი დარეგულირებული“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი