რეზოლუციას ჩალის ფასი აქვს – კახა კალაძე

ევროპარლამენტის მიერ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მიღებული რეზოლუცია გააკრიტიკა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

“მე დილითაც ვთქვი, რომ რეზოლუციისგან არაფერს ახალს და არაფერს განსხვავებულს არ ველოდი და შედეგი მართლაც იგივეა. არაფერი სიახლე რეზოლუციას არ აქვს, არ აქვს არანაირი ფასი, ჩალის ფასი აქვს. როდესაც სიცრუეზე, სიყალბეზე და კრიმინალების მფარველობაზე პირდაპირი მითითებებით არის საუბარი, ამ რეზოლუციას, რა თქმა უნდა, სერიოზული სახე ვერ ექნება.

აბსოლუტურად გულწრფელად ვამბობ, 2012 წლიდან მოყოლებული, ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა და აკეთებს დღესაც იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა რაც შეიძლება სწრაფად გახდეს იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროპა ჰქვია. ბევრი კონკრეტული პროექტი განვახორციელეთ. ბევრი წარმატება იყო, მიუხედავად სირთულეებისა. დღესაც ჩვენ ვიმსახურებდით სტატუსის მიღებას, მაგრამ იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული არ მიცემასთან დაკავშირებით. ეს გააკეთეს ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების წინააღმდეგ.

რაც შეეხება შემდეგ ნაბიჯებს – მოგვცეს 12 პუნქტიანი გეგმა და აქაც ჩვენი ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ეს დათქმები შესრულდეს და სტატუსი მივიღოთ და ამ დროს რა ხდება? ამ დროს გამოდის ვინმე კუბილიუსი და გვეუბნება, რომ თუ სააკაშვილი, რომელიც არის კრიმინალი, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით და სტრასბურგმაც დაადასტურა ეს, არ იქნება გათავისუფლებული, ქვეყანა ვერ მიიღებს სტატუსს. მე ვეკითხები ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, ვისაც აქვს სურვილი ევროინტეგრაციის, აი, ეს დამოკიდებულება, ეს მიდგომები მისაღებია? ჩვენ თავმოყვარეობა ხომ გაგვაჩნია, კაცო? ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სამშობლო ხომ გვიყვარს? თუ ჩვენ და ხელისუფლებას, რომელიც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას წარმოადგენს, შანტაჟის ენით ესაუბრებიან, აშანტაჟებენ, მისაღებია? მე დარწმუნებული ვარ, არც ერთი თავმოყვარე ქართველი, ადამიანი არ მიიღებს ამ ლექსიკით საუბარს, რასაც ე.წ. მეგობრები აკეთებენ ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში. ჩვენ გვიყვარს ჩვენი სამშობლო, ჩვენი ხალხი. ვიცავდით, ვიცავთ ჩვენი სამშობლოს ინტერესებს და ყოველთვის ამას გავაკეთებთ. რა თქმა უნდა, ჩვენ საინტერესო ქვეყანა ვართ ევროპისთვის და ჩვენ თავს ვთვლით ევროპელებად. ჩემთვის მნიშვნელოვანია ასევე, ჩემი ქვეყნის ტრადიციები, ის ღირებულებები, რაზეც საუკუნეებია ჩვენი ქვეყანა დგას და ეს გადაწყვეტილებები, ეს აბსურდული, შეურაცხმყოფელი განცხადებები, რა თქმა უნდა, აზიანებს ყველაფერს.

დოკუმენტი ვერ იქნება ღირებული, სადაც საუბარია კრიმინალის პირდაპირ მფარველობაზე თავისი ლობისტების მხრიდან. დოკუმენტი ვერ იქნება ღირებული, როდესაც მეცენატზე, ქველმოქმედზე გვეუბნებიან, რომ უნდა დასანქცირდეს“, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი