რიყეში ძალოსნობის დარბაზს საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის ავთანდილ გახოკიძის სახელი მიენიჭა.
ღონისძიებას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, მოადგილეები, ოლიმპიური თამაშების, ევროპისა და მსოფლიოს არა ერთგზის ჩემპიონი ლაშა ტალახაძე, საქართველოს ძალოსანთა ნაკრების წევრები, საქართველოს ძალოსანთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი ასანიძე და საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი კახი კახიშვილი ესწრებოდნენ.
,,ძალიან სასიხარულოა რომ რიყეში ძალოსნობის დარბაზს მიენიჭა დამსახურებული მწვრთნელის ავთანდილ გახოკიძის სახელი, ბატონ ავთანდილს მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო, როგორც ჩვენი მუნიციპალიტეტის, ისე ქვეყნის მასშტაბით სამწვრთნელო მოღვაწეობისთვის, მისი ხელმძღვანელობით ძალიან ბევრი ევროპისა და მსოფლიო პრიზიორი, მათ შორის ჩემპიონები აღიზარდნენ, მინდა ვუსურვო კიდევ ძალიან ბევრი წელი ნაყოფიერი სამწვრთნელო მოღვაწეობა“-აღნიშნა ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას მამუკა წოწერიამ.
როგორც ავთანდილ გახოკიძემ აღნიშნა რიყეს ძალოსნობის დიდი ტრადიცია აქვს. მისი თქმით ამ სოფელში 99 ევროპის და მსოფლიოს პრიზიორი აღიზარდა, მათ შორის 3 მსოფლიო ჩემპიონი.