საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ რუხში ახალაბასთუმნის დამაკავშირებელი გზის სრული რეაბილიტაცია ხორციელდება. რეაბილიტირდება 4 კილომეტრამდე გზა, მნიშვნელოვანია, რომ გზასთან ერთად ეწყობა სანიაღვრე სისტემა, ეზოებში შესასვლელები.
პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 3 მილიონ ლარზე მეტია.
გზის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის სექტემბერში დასრულდება. აქამდე არსებული გზა ამორტიზებული იყო და მოსახლეობას გადაადგილების დროს პრობლემას უქმნიდა.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, პირველ მოადგილესთან ნინო ვიბლიანთან და ზუგდიდის მერთან მამუკა წოწერიასთან ერთად გაეცნო.
ასევე, სოფელ რუხში მიმდინარეობს გამსახურდიასა და გაბისონიას ქუჩების სრული რეაბილიტაცია, რომელიც რუხს და ახალაბასთუმანს ე.წ. კომბინატის დასახლებასთან აკავშირებს. გზის სიგრძე 7 კილომეტრია.