საქართველოს მასშტაბით დღეიდან უქმე დღეები ცხადდება

საქართველოს მასშტაბით დღეიდან უქმე დღეები ცხადდება. უქმე დღები 4-11 მაისის პერიოდში იმოქმედებს. 

„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებებაში ცვლილება შევიდა, რომლის თანახმადაც განისაზღვრა, თუ ვის არ შეეხება 4-11 მაისს საქართველოს მასშტაბით გამოცხადებული უქმე დღეები.

„უქმე დღეების შესახებ მიღებული დადგენილება, არ ვრცელდება ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ პირებსა (გარდა იმ ანგარიშვალდებული საწარმოსი, რომელიც სხვა ნიშნით არ წარმოადგენს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ პირს) და მათ მიერ შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე. ასევე დასვენების დღეები არ შეეხება/გავრცელდება სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ და დავების განხილვის საბჭოს საქმიანობებზე.

ასევე, საჯარო დაწესებულება განსაზღვრავს მის დაქვემდებარებაში მყოფ სამსახურებს/მოსამსახურეებს, რომელთაც არ შეეხებათ დასვენების დღეები, თუ მათი ფუნქციების შესრულება ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მართვისთვის, სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისა და საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისთვის წარმოადგენს გადაუდებელ აუცილებლობლობას”,- ნათქვამია დადგენილებაში.

დოკუმენტის თანახმად, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებით, ერთობლივი ბრძანებით განსაზღვრავენ იმ მეწარმე სუბიექტებს ან/და საქმიანობებს, რომლებზეც უქმე დღეები არ გავრცელდება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი