სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მრევლს ბზობის დღესასწაული მიულოცა.
„გილოცავთ ბზობის ბრწყინვალე დღესასწაულს; ბზობა – ეს არის დიდი ზეიმი, სიხარულის, სიყვარულის ზეიმი, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ მწუხარება ხშირად ცვლის სიხარულს. სიხარული, სიყვარული და მწუხარება ცვალებადია. ყოველი დღე გვაახლოებს ჩვენ მეორედ მოსვლას. ადამიანმა უნდა იფიქროს, რა გველოდება ჩვენ წინ. დღეს აგრეთვე არის დღესასწაული ქართული ენისა, გილოცავთ ამ დღესასწაულებს“, – განაცხადა ილია მეორემ.
პატრიარქმა მეორედ მოსვლის შესახებ ისუბრა და აღნიშნა, რომ ხალხმა უნდა იფიქროს, როგორ შეხვდებიან ამ დღეს.
„ბედნიერი აღდგომა გაგვითენოს ღმერთმა. ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმის შესახებ, როგორ შევხვდებით მეორედ მოსვლას. მეორედ მოსვლა გარდაუვალია. „მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი“. აი, ყოველმა ჩვენგანმა უნდა გამონახოს გზა, გზა, რომელიც მიდის სასუფეველში.
კიდევ ერთხელ გილოცავთ ბრწყინვალე დღესასწაულს. ძალიან ხშირად ისმის წუხილის სიტყვები. ნუ შეგეშინდებათ! მაცხოვრის, ღვთის სიყვარული აღემატება ყოველგვარ ცოდვას, მაგრამ საჭიროა სინანული: „მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი… ჰე, უფალო და მეუფეო, მომანიჭე მე განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა“. მადლი ღვთისა, წყალობა და კურთხევა მამისა და ძისა და წმინდისა სულისა იყავნ თქვენ ყოველთა თანა, ამინ!“, – აღნიშნა ილია მეორემ.