მთავრობა საქართველოს პარლამენტს წარუდგენს ინიციატივას, დაჩქარებული წესით მიიღოს საკანონმდებლო ცვლილება, რომლის მიხედვითაც, 12 მაისი საქართველოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღედ დადგინდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, დარწმუნებულია, რომ 12 მაისი გახდება საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ეროვნული დღესასწაული.
„მინდა გაცნობოთ, რომ დღეს მთავრობა საქართველოს პარლამენტს წარუდგენს ინიციატივას, რომ დაჩქარებული წესით მიიღოს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილება, რომლის მიხედვითაც, 12 მაისი, რომელიც არის წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღე, ასევე დადგინდეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედ. ეს გახლავთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლსსიის ინიციატივა, რომელსაც ჩვენ, ბუნებრივია პატივს ვცემთ და ვიზიარებთ. დარწმუნებული ვარ, 12 მაისი გახდება საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ეროვნული დღესასწაული“,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
გასული წლის დეკემბერში წმინდა სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ 12 მაისი საქართველოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღედ დადგინდეს და ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადდეს.