უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის გიორგი ღიბრაძის განცხადებით, 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება.
კერძოდ, მუნიციპალური ტრანსპორტი ამ პერიოდში აღარ იმოძრავებს, თუმცა შეზღუდვა არ შეეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს.
“მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვის პირობებში, სახელმწიფო ძირითად ამცრელ დაწესებულებებთან მოსახლეობის რეგულარულ ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს, – განაცხადა ღიბრაძემ.
საკითხს გამოეხმაურა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძეც.
„რესპუბლიკური საავადმყოფო და მასთან აფილირებული სამედიცინო უნივერსიტეტის სივრცე დღეში ცრის 4500 ადამიანს. ეს არის თბილისში ჩატარებული აცრების დაახლოებით 30%, ამიტომ რესპუბლიკური საავადმყოფოსკენ ქალაქის სხვადასხვა კუთხიდან დაინიშნება სპეციალური ავტობუსები „მივდივარ ვაქცინაციისთვის“. ასევე იქნება ტექნიკური უნივერსიტეტისკენ, ინფექციური საავადმყოფოსკენ, „ჰუალინგის“ ცენტრისკენ, კავკასიის მედიცინის ცენტრისკენ, ბოკერიას სახელობის ჰოსპიტლისკენ. ჩვენ გადავეცით საკოორდინაციო შტაბს თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ბათუმში მდებარე ლოკაციების სია. იქ, სადაც პოლიკლინიკები არის ძალიან ახლოს, ფეხითაც შეგიძლიათ მიბრძანდეთ“, – აცხადებს ამირან გამყრელიძე.