2019 წელს მესტიისა და უშგულის კოშკების რეაბილიტაცია იგეგმება

2019 წელს მესტიისა და უშგულის კოშკების რეაბილიტაცია იგეგმება, – ამის შესახებ, ვიცე პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ეკონომიკურ კონფერენციაზე განაცხადა.

მაია ცქიტიშვილის განცხადებით, კოშკების რეაბილიტაცია და ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ადგილობრივ მოსახლეობას კერძო ბიზნესის განვითარებაში დაეხმარება.

,,2019 წელს დაგეგმილია მესტიის ლაღამის უბანში კოშკების, მაჩუბებისა და გზის რეაბილიტაცია, ასევე უშგულის 4 სოფელში კოშკების რეაბილიტაცია. ეს საშუალებას მისცემს ადგილობრივ მოსახლეობას, რომ იქ გახსნან თავიანთი საოჯახო სასტუმროები და განავითარონ კერძო ბიზნესი. ასევე, დასრულების ფაზაშია უშგულის 4 თემის გენგეგმა. გვინდა არსებული კოშკების აღდგენა და ინფრატსრუქტურის მოწესრიგება. ამ ეტაპზე იქ მოსაგვარებელია წყალმომარაგებისა და წყალარინების პრობლემა, ასევე, ინტერნეტიზაცია. ეს აუცილებელია, როგორც ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის ასევე ბიზნესის განვითარებისთვის“, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი