2024 წლის გამოცდებისათვის რეგისტრაცია დაიწყო

2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის, ასევე სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის რეგისტრაცია დაიწყო. რეგისტრაცია 4 მარტის, 10:00 საათზე დაიწყო და 4 აპრილის 18:00 საათზე დასრულდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ცენტრის ცნობით, რეგისტრაცია მიმდინარეობს მხოლოდ ელექტრონულად ვებგვერდზე: online.naec.ge. მანამდე კი, როგორც რეგისტრაციის პროცესის, ასევე გადახდის შესაძლო საშუალებების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად გამოსაცდელები უნდა ეწვიონ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდს www.naec.ge .

„საგამოცდო ცენტრები კვლავ გაიხსნება: თბილისში, რუსთავში, თელავში, გორში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ოზურგეთში, ბათუმში, ახალციხეში, ხულოსა და ამბროლაურში.

აბიტურიენტების საყურადღებოდ:

რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპიანია.

ძირითად ეტაპზე – 4 აპრილის 18:00 საათამდე გამოსაცდელმა უნდა შეავსოს პირადი მონაცემები, აირჩიოს საგამოცდო ქალაქი, ჩასაბარებელი საგნები. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ გამოსაცდელი გამოცდებზე ვეღარ დარეგისტრირდება. საგნის შეცვლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა გამოსაცდელებს 15 აპრილის 18:00 საათამდე შეეძლებათ. საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა კი მათ რამდენიმე თვის განმავლობაში, აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შეახსენებს აბიტურიენტებს, რომ შეუძლიათ სასურველი რაოდენობის იმ საგანმანათლებლო პროგრამების არჩევა, რომელზეც მათ მიერ არჩეული საგნები ბარდება.

2024 წლის გამოსაცდელებს ცენტრი ასევე სთავაზობს საგანგებოდ მათთვის მომზადებულ ელექტრონულ კრებულებს, რომლებიც თავს უყრის აპლიკანტებისათვის საჭირო ყველა მნიშვნელოვან ინფორმაციას და ცნობარი აბიტურიენტებისათვის – ცნობარში აბიტურიენტები გაეცნობიან: რეგისტრაციის ინსტრუქციას, ინფორმაციას საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის, საგამოცდო პროცესის, შედეგების გამოქვეყნების, აპელაციის პროცედურის, ჩარიცხვისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების წესის შესახებ. ცნობარში ასევე მოცემულია ცხრილი, რომელშიც ასახულია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაცემები, თითოეული გამოცდისათვის მინიჭებული კოეფიციენტები, კომპეტენციის ზღვარი, სწავლის საფასური და სხვა მნიშვნელოვანი დეტალები“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი