საქართველოს პროკურატურამ „კანონიერი ქურდობის”, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „კანონიერი ქურდისთვის” მიმართვის ფაქტებზე 60 პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
„15 პირს, მათგან 3 პირს დაუსწრებლად, ხოლო 2 პირს პენიტენციურ დაწესებულებაში, ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ქურდული სამყაროს წევრობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს; 3 პირს, მათგან 2 პირს დაუსწრებლად, ხოლო 1 პირს პენიტენციურ დაწესებულებაში, ბრალდება 223 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით („კანონიერი ქურდობა“) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს; 26 პირს, მათგან 6 პირს პენიტენციურ დაწესებულებაში, ბრალდება 223 ტერცია მუხლის მეორე ნაწილით („ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა) წარედგინა, რაც 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს; 16 პირს, მათგან 1 პირს დაუსწრებლად ბრალდება 223 კვარტა მუხლის პირველი ნაწილით („კანონიერ ქურდისთვის/ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვა) წარედგინა, რაც 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

