8 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებთან ერთად ქალაქ ზუგდიდში თვითმმართველობის შუალედური არჩევნებიც ჩატარდება. საუბარია N 2 მაჟორიტარულ ოლქზე, რომლის მაჟორიტარიც ქალაქის საკრებულოში უწყების თავმჯდომარე მერაბ ქვარაია იყო, რომელმაც დღეს თანამდებობა დატოვა.
ამის შესახებ საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე თავად მერაბ ქვარაიამ განაცხადა.
“საკრებულოს თავმჯდომარის პოსტთან ერთად ვტოვებ საკრებულოს წევრის და მაჟორიტარის პოსტსაც, რათა საშუალება მივცე ცესკოს, ჩაატაროს საკრებულოს მაჟორიტარის შუალედური არჩევნები იმ ოლქში, რომელსაც მე წარმოვადგენდი დღემდე ცესკოში”, – აღნიშნა ქვარაიამ.
შეგახსენებთ, რომ მერაბ ქვარაია საპარლამენტო არჩევნებში “ქართული ოცნებიდან” ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარად იყრის კენჭს.