8 სექტემბერს თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე მოძრაობა შეიზღუდება

7-18 სექტემბრის ჩათვლით, საქართველო მრავალეროვნულ სწავლებას „ღირსეული პარტნიორი 2020“  მასპინძლობს, რომელიც საქართველოში მეხუთედ ტარდება.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სწავლებაში მონაწილეობის მიზნით, საქართველოში საზღვაო გზით უკვე შემოყვანილია ამერიკული სამხედრო ტექნიკა – საბრძოლო ჯავშანმანქანები „სტრაიკერი“, ჯავშანმანქანები „ჰამერი“ და ლოჯისტიკური მხარდამჭერი მანქანები და არტილერია, რომლის გადასროლაც ვაზიანში – სწავლების თეატრში 6 და 8 სექტემბერს იგეგმება.

ამერიკული სამხედრო ტექნიკით დაკომპლექტებული ცხრა სამხედრო კონვოი 6 და 8 სექტემბერს თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე საათნახევრიანი შუალედებით გადაადგილდება, რის გამოც ავტომაგისტრალზე მოძრაობა დღის განმავლობაში გარკვეული შეზღუდვებით განხორციელდება.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავტომაგისტრალის ცალკეულ მონაკვეთებზე მოძრაობის შეფერხებისთვის მოქალაქეებს ბოდიშს უხდის.

როგორც სამინისტროს ინფორმაციაშია ნათქვამი, საერთაშორისო სწავლება საქართველოსა და აშშ-ის შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და მზარდი თანამშრომლობის ნათელი მაგალითია.

კომენტარები

დატოვე კომენტარი