სეს-ის რეკომენდაციები ხილ-ბოსტანის მომხმარებლებისთვის

სურსათის ეროვნული სააგენტო მოქალაქეებს ხილ-ბოსტანის შეძენისას გასათვალისწინებელ რეკომენდაციებს აძლევს, რომლებიც ჟურნალისტებს დღეს გამართულ ბრიფინგზე სააგენტოს სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი მიქაძემ გააცნო.

დეპარტამენტის უფროსის თქმით, ზაფხულის პერიოდში ხილი და ბოსტნეული საფრთხის შემცველია, თუ წარმოებისას ჰიგიენური პირობები დაცული არ არის.

„მაღალი ტემპერატურა სურსათის უვნებლობაზე ნეგატიურად აისახება თუ არ არის დაცული ტრანსპორტირებისა და შენახვის პირობები. კერძოდ, მალფუჭებადი პროდუქტები გარკვეულ ტემპერატურაზე უნდა ინახებოდეს. მომხმარებელმა პროდუქტის შეძენამდე ყურადღება უნდა მიაქციოს ეტიკეტზე აღნიშნულ ინფორმაციას: სურსათის დასახელებას, შემადგენლობას, გამოშვების თარიღს, შენახვის ვადას და შენახვის პირობებს, რა ტემპერატურაზეც უნდა ინახებოდეს. ვიზუალურად მომხმარებელმა ასევე ყურადღება უნდა მიაქციოს, აქვს თუ არა პროდუქტს სუნი და შეცვლილი ფერი. ყველა ასეთ შემთხვევაში მან უნდა დარეკოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 15 01 და ინსპექტირების ჩვენი ჯგუფები შესაბამის ზომებს გაატარებენ“, – განაცხადა მიქაძემ.

მან ასევე ისაუბრა რა სახის ხილი და ბოსტნეულია საფრთხისშემცველი მაღალი ტემპერატურის დროს.

„ზაფხულის პერიოდში ყველა ხილი და ბოსტნეულია საფრთხის შემცველია, რომელიც იწარმოება ისეთ პირობებში, სადაც ჰიგიენური პირობები არ არის დაცული. მაგალითად, ხილ–ბოსტნეულის შემთხვევაში მწარმოებლები, ბიზნეს–ოპერატორები იყენებენ პესტიციდებს და შესაძლოა, არ იყოს დაცული პესტიციდების გამოყენების პერიოდი. ასევე, არ იყოს დაცული სასუქების გამოყენება ნიტრატების კუთხით“, – დასძნა მიქაძემ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი