სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალი გუბერნატორის განცხადებით, მისი თანამდებობა ბიზნესკომპანიაში კანონთან შეუსაბამო არ არის. ალექსანდრე მოწერელიას განმარეტბით, მას გუბერნატორად დანიშვნიდან 10 დღე აქვს იმისთვის, რომ დირექტორის თანამდებობა დატოვოს. ახალმა გუბერნატორმა შესაბამისი განცხადება ჟურნალისტებთან გააკეთა.
„არაფერი არ არის მოუწესრიგებელი. ჩაიხედეთ, კანონში როგორ არის. დანიშვნის დღიდან ათი დღის ვადაში უნდა მოხდეს ცვლილებები. 10 დღე ხომ არ გასულა? ათი დღე რომ გავა და თქვენ ისევ რომ მობრძანდებით და იგივე მდგომარეობა მექნება, მაშინ შეიძლება დარღვევაზე ვისაუბროთ. მე ბიზნესიდან მოვედი და ლოგიკურად, რა თქმა უნდა მაქვს წილებიც“, – განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ.
ახალი გუბერნატორი სამ კომპანიაში ფლობს წილს და არის ათზე მეტი ნაკვეთის მესაკუთრე. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, ალექსანდრე მოწერელია ერთ-ერთ კომპანიაში იკავებს დირექტორის პოზიციასაც.