საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS) ანალიტიკოსი ეგნატე შამუგია ზუგდიდის მერის გარშემო განვითარებულ ამბავს ვრცელ პოსტს უძღვნის ფეისბუქის საკუთარ გვერდზე და აცხადებს, რომ არ არის დადასტურებული ზუგდიდის აწ უკვე ყოფილი მერი იღებდა თუ არ ქრთამს. ეგნატე შამუგია იმ წინაპირობებზეც საუბრობს რაც ლაშა გოგიას მიერ გადადგომასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას წინ უძღოდა.
,,მერს უფლებამოსილება უწყდება მაშინ, როცა საბოლოო ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი კანონიერ ძალაში შევა
ჯერ არ არის დადასტურებული ზუგდიდის აწ უკვე ყოფილი მერი იღებდა თუ არ ქრთამს. ლაშა გოგიას მიმართ აღძრულ საქმეში, ან დამნაშავეა, ან უდანაშაულო. ვნახოთ ორივე შემთხვევა მედიაში არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.
უდანაშაულო – მერი პირდაპირი წესით არჩეული მუნიციპალიტეტის უმაღლესი ორგანოა, რომელიც მოსახლეობის წინაშეა ანგარიშვალდებული და როცა პირადი განცხადებით იხსნის უფლებამოსილებას, კეთილი ინებოს, განმარტოს და მხოლოდ ამ ინფორმაციის ფბ-ზე გავრცელებით არ უნდა შემოიფარგლოს. მით უმეტეს, ერთი კვირის წინა თქვა – “აბსურდია”. სავარაუდოდ მის მიმართ არსებულ ბრალდებებში თავს დამნაშავედ არ თვლის (მაგალითად, თამუნა ჯიქიას განცხადება). ასეთ შემთხვევაში მის გადადგომა გაუმართლებელია, რადგან მას მოსახლეობის წინაშე გააჩნია პასუხიმგებლობა და ამ საკითხზე უნდა ესაუბრა. მას მისი უდანაშაულობა მერის პოზიციაზე ყოფნიდან უნდა დაემტკიცებინა. ასეთ შემთხვევში მან გადადგომა არჩია, რაც გამართლებული არ არის.
დამნაშავე – ის ობიექტები, რაც დასახელებულ იქნა აქტუალური იყო შედარებით ადრე, ვიდრე ბოლო პერიოდში (მაგ. გულუას პარკი). შესაბამისად, თუ ასეთი შემთხვევაა, მანამდეც უნდა დაწყებულიყო გამოძიება. მაშინ გამოდის, აქამდე შესაბამისი ორგანოები თვალს ხუჭავდნენ და ხელს აფარებდნენ. რა მოხდა ამის შემდეგ? სამეგრელო – ზემო სვანეთის გუბერნატორი შეიცვალა, რომელიც შს მინისტრმა წარადგინა. მინისტრმა მაშინ შემდეგი რამ თქვა: “განსაკუთრებით [ყურადღება] ზუგდიდს და არავინ მოითმენს იმას, რომ აქ არ იყვნენ ხუთოსნები”. რამდენიმე დღეში ზუგდიდში ჩამოდის კალაძე, გახარია და კობახიძე, სადაც დაიბარეს მერები. ამ შეხვედრის წინა მერებმა განაცხადეს, რომ არ იციან რატომ დაიბარეს. პარალელურად გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლაშა გოგიას გადადგომა მოსთხოვეს, რაც ირაკლი კობახიძემ უარყო. ზუგდიდის ყოფილმა მერმა ამ ამბავს აბსურდი უწოდა და როგორც ირკვევა ის თანამდებობაზე დარჩენას აპირებდა. რამდენიმე დღის შემდეგ, ახლადდანიშნული გუბერნატორი ადგილობრივი მედიას იწვევს და მუნიციპალიტეტებში შესაძლო კორუფციაზე ამახვილებს ყურადღებას და იმუქრება, რომლის შემდეგ, ზუგდიდის მერს სუსი გამოკითხვაზე იბარებს , მაგრამ არა იმ საქმესთან დაკავშირებით, რაც გავრცელდა, არამედ ერთ-ერთ ა(ა)იპ-თან დაკავშირებით, რისი გამოძიებაც რამდენიმე დღით ადრე დაიწყო. მეორე კვირას მერი და ვიცე – მერი გადადგა.
შეგვიძლია ვივარაუდოთ: თუ ლაშა გოგია უდანაშაულოა, მაშინ მას გადადგომა აიძულეს და თუ დამნაშავეა ამაზე ადრე არ დაიწყო გამოძიება და როცა დასჭირდათ მაშინ გამოიყენეს.
ამ საქმეში ნებისმიერ შესაძლო შემთხვევა საგანგაშოა, ძალიან საგანგაშო!“ აცხადებს სოციალურ ქსელში ეგნატე შამუგია.