ფულის სანაცვლოდ მართვის მოწმობის გამოცდაში დახმარებისთვის 3 პირი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებთან ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,  ჯგუფის მიერ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტზე საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს.

“გამოძიებამ დაადგინა, რომ შალვა კ, კახა ზ. და ზაქარია გ. წინასწარი შეთანხმებით, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის გზით მართვის მოწმობის თეორიული გამოცდის ჩაბარებაში მოქალაქეებს არაკანონიერ დახმარებას უწევდნენ. კერძოდ, დაკავებულები შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში გამოცდაზე გამსვლელ პირებს გადასცემდნენ სპეციალურ ტექნიკურ აღჭურვილობას: მიკროკამერას და მიკროყურსასმენს, რის შემდეგაც საგამოცდო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, პორტატული კომპიუტერის მეშვეობით ვიდეო- და ხმოვან სიგნალს იღებდნენ. აღნიშნული გზით ბრალდებულები ვიზუალურად ხედავდნენ საგამოცდო ბილეთებს და მოსასმენი აპარატურის მეშვეობით მართვის მოწმობის აღების მსურველ მოქალაქეებს პასუხების სწორ ვარიანტებს კარნახობდნენ. არაკანონიერი დახმარების სანაცვლოდ აღნიშნული პირები მოქალაქეებისგან სხვადასხვა ოდენობით ფულად თანხებს იღებდნენ. გამოძიების მიერ ნივთმტკიცების სახით ამოღებულია 800 აშშ დოლარი და 1976 ლარი”, – აღნიშნულია სუსი-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით,  გამოძიება საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი