საცხენოსნო დოღი ანაკლიის თასზე ყოველწლიურად გაიმართება

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ სამეგრელოში აარსებს საცხენოსნო დოღს ანაკლიის თასზე, რომელიც ყოველწლიური გახდება და საერთაშორისო მასშტაბს მიიღებს.

წელს დოღი პირველად 29 სექტემბერს გაიმართება და მასში მონაწილეობას როგორც საქართველოს ყველა კუთხიდან ჩამოსული ცხენოსნები, ასევე მეზობელი რესპუბლიკების – აზერბაიჯანისა და სომხეთის საცხენოსნო კლუბების წარმომადგენლებიც მიიღებენ.

როგორც კონსორციუმში აცხადებენ, ანაკლიის თასზე საცხენოსნო დოღის საპრიზო ფონდი 25 ათას ლარს შეადგენს და ის სამ ეტაპად ჩატარდება. პირველ ეტაპზე დოღში მონაწილეობას ქართული ჯიშის ცხენები, მეორე ეტაპზე – ინგლისური ჯიშის ორწლიანი , ხოლო მესამე ეტაპზე ინგლისური ჯიშის სამწლიანი ცხენები მიიღებენ.

დოღის ასპარეზობებს შორის ცხენოსნები ერთმანეთს ცხენბურთში შეეჯიბრებიან, რაც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შეტანილი ქართული ტრადიციული თამაშის გახსენებასა და აღდგენას შეუწყობს ხელს

დოღი 29 სექტემბერს, 14:00 საათზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  სოფელ ინგირის ყოფილი აეროპორტის ტერიტორიაზე გაიმართება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი