ეკა გიგაურს პირადი ანგარიშსწორებით დაემუქრნენ

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელ დირექტორს ეკა გიგაურს პირადი ანგარიშსწორებით დაემუქრნენ.

ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სადაც აღნიშნულია, რომ მუქარის შემცველი და შეურაცხმყოფელი შეტყობინებები მას შემდეგ გააქტიურდა, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ბოლო კვირებში შეტევა წამოიწყეს სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ.

„13 ოქტომბერს კონკრეტული მოქალაქის მხრიდან ჩვენი აღმასრულებელი დირექტორის მისამართით გამოიგზავნა აგრესიული შეტყობინება, რომელიც ბილწსიტყვაობასთან ერთად, პირადი ანგარიშსწორების მუქარასაც შეიცავდა. ნიშანდობლივია, რომ მუქარის ავტორი ზუსტად იმავე ფრაზეოლოგიას იყენებს, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ გამოიყენა არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ, როცა ისინი „ფაშიზმის თანამონაწილეებად“ მოიხსენია.

მუქარის შემცველი და ასევე შეურაცხმყოფელი პერსონალური შეტყობინებები სოციალური ქსელის მეშვეობით განსაკუთრებით მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებმა, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარემ და ასევე რიგითმა დეპუტატებმა ბოლო კვირებში შეტევა წამოიწყეს სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ.

ამ კამპანიის ნაწილად შეიძლება მივიჩნიოთ წინასაარჩევნო პერიოდში ჩვენი ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის და სამოქალაქო სექტორის სხვა ლიდერების წინააღმდეგ სოციალურ ქსელებსა და ზოგიერთი მედიის მხრიდან მათი დისკრედიტაციის მიზნით ბოლო დროს გააქტიურებული თავდასხმები, რასაც ორგანიზებული სახე აქვს.

რეპუტაციის შემლახავი ამგვარი შეტევები წლებია, ხორციელდება და ჩვენი დაკვირვებით, აქტიურდება მაშინ, როცა სამოქალაქო სექტორი (როგორც წინა, ისე ამჟამინდელი) ხელისუფლების კრიტიკას ამძაფრებს.

ცხადია, ნებისმიერი კრიტიკა დაშვებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში, თუმცა როცა ეს უკვე მუქარის სახეს იძენს, ამ ფაქტს დაუყოვნებლივ რეაგირება სჭირდება.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორმა ოფიციალურად მიმართა საქართველოს მთავარ პროკურატურას და მოითხოვა, დაიწყოს გამოძიება კონკრეტულ მუქარასთან დაკავშირებით, დანაშაულის ნიშნების არსებობის დადგენის მიზნით. იმედი გვაქვს, აღნიშნულ ფაქტს შესაბამისი რეაგირება მოჰყვება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა შესაძლო შედეგზე სრული პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დაეკისრება. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რომ ჩვენი და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების ნებისმიერი თანამშრომელი თავს გრძნობდეს დაცულად საკუთარი საქმიანობის განხორციელებისას,” – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი