37 წლის მამაკაცი მარტვილის პოლიციას ფიზიკურ ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს

მარტვილში მცხოვრები 37 წლის ედიშერ სიგუა მარტვილის პოლიციას ძალადობასა და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს.

დაზარალებული “კურიერთან” საუბრისას ამტკიცებს, რომ ის ნასვამ მდგომარეობაში დააკავეს და ჯერ გზაში, შემდეგ კი უკვე პოლიციის განყოფილებაში ფიზიკურად გაუსწორდნენ.

როგორც სიგუა ყვება, პოლიციის უფროსის მოადგილე თორნიკე შულაია მას სამ სხვა თანამშრომელთან ერთად სცემდა.

მისი განმარტებით, ცემისას გონება დაკარგა, რის შემდეგაც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ოჯახი ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვს და გამოძიებისთვის პროკურატურას მიმართავს.

„მარტვილის პოლიციის თანამშრომლებმა მაწამეს, პოლიციაშიც, გზაშიც, მიყვანამდეც, პოლიციის შენობაშიც, შენობიდან კაპეზეში გადამიყვანეს, იქაც. როცა მირტყამდნენ, მაშინ თავზე მაფარებდნენ, მერე მიღებდნენ ვიდეოს, რომ ვაგინებდი და რომ ვპასუხობდი. ფეხიც შებმული მქონდა, ხელები უკან მქონდა დაბმული, დამაწევინებდნენ თავს დაბლა და მირტყამდნენ თავის არეში,“ – აცხადებს სიგუა.

სიგუას საკითხთან დაკავშირებით “Newsportal.ge” შსს-ს პრესსამსახურს დაუკავშირდა, სადაც განმარტავენ, რომ “აღნიშნული პირი სამართალდამაცველებმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის შესაბამისად დააკავეს, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს. სენაკის რაიონული სასამართლოს მიერ იგი 1000 ლარით დაჯარიმდა”. რაც შეეხება პოლიციელთა მხრიდან მისი ცემის ფაქტს, შსს-მ პროკურატურასთან გადაგვამისამართა, რადგან მათი ინფორმაციით, სწორედ პროკურატურამ დაიწყო აღნიშნულ საქმეზე გამოძიება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი