ცესკოს თავმდომარე თამარ ჟვანიას განცხადებით, “წინასწარი შედეგების გათვალისწინებით, შესაძლებელია აბსოლუტურად ითქვას, რომ დიდი ალბათობით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება”.
როგორც ჟვანიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, ეს თარიღი, უკიდურესი ვადა შესაძლებელია, იყოს 2 დეკემბერი.
„მეორე ტურის გამართვას აქვს თავისი პროცედურები. რაც გახლავთ ის, რომ იმ შემთხვევაში, თუ საარჩევნო დავები, რომლებიც გვაქვს, ძირითადად პროცედურულ და დისციპლინურ საკითხებთან დაკავშირებით, მათი განხილვის მაქსიმალური ვადების შემთხვევაში ეს არის არჩევნების შედეგების შეჯამება 20 დღის ვადაში, და საბოლოო შემაჯამებელი ოქმიდან ორი კვირის ვადაში უნდა ჩატარდეს არჩევნების მეორე ტური. ეს გახლავთ კვირა დღე და უკიდურესი ვადა შესაძლებელია იყოს 2 დეკემბერი“, – განმარტა ჟვანიამ.
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, არჩევნების პირველ ტურში პრეზიდენტობის ვერცერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა 50%-იანი ბარიერი.