“ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის ორგანიზაციის თავმდჯომარის ანა წითლიძის ინფორმაციით, მმართველი გუნდის მთავარი მესიჯი მისი მხარდამჭერების და აქტივისტების მიმართ ის არის, რომ არჩევნების მეორე ტურში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაში, “ნაციონალური მოძრაობა” მათზე შურს იძიებს, რაც წითლიძის თქმით, ტყუილია და ოპოზიციური პარტია “არაფერი ცუდის გახსენებას” არ აპირებს.
ამის შესახებ წითლიძე სოციალურ ქსელში წერს.
“ზუგდიდში წაგებული არჩევნების შემდეგ ბოლომდე გაკოტრებული “ქართული ოცნების” მთავარი მესიჯია, რომ “ნაციონალები” დაბრუნდებიან და ყველას, ვინც ჩვენზე მუშაობდით, “დედას გიტირებენ” ოჯახებიანადო.
საჯაროდ გეუბნებით ყველა “ქართული ოცნების” დეპუტატს, მხარდამჭერს, კოორდინატორს, თუ კომისიის წევრს, მიუხედავად ყველა შეურაცხყოფისა და ძალადობისა რაც 6 წლის განმავლობაში გადაგვიტანია და გადამიტანია პირადად მე, ყველაფერი ჩაბარდა წარსულს. არაფერი ცუდი არ გვახსოვს და არც ვაპირებთ გავიხსენოთ. ვერავინ ვერასოდეს შეგეხებათ და ამის გარანტად დავდგები პირადად. ტყუილია, რომ ვინმე თქვენზე აპირებს შურისძიებას. ნუ გეშინიათ.
ჩვენი ერთადერთი მიზანი ჩვენი ქალაქის და ქვეყნის სწრაფი წინსვლა და განვითარებაა.
ყველაფერი იქნება კარგად და ჩვენი კარი ღიაა ყველასთვის”, – აღნიშნავს წითლიძე.