სალომე ზურაბიშვილი: “ვაშაძეს და რუსეთს დავუთმო ქვეყანა? არა! – მზად ვარ მეორე ტურისთვის”

მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა საარჩევნო შტაბში სპეციალური ბრიფინგი გამართა, რომელზეც აღნიშნა, რომ მზად არის მეორე ტურში მონაწილეობის მისაღებად და კანდიდატურის მოხსნას არ აპირებს.

“პირველ რიგში უღრმესი მადლობა ყველას ვინც მოვიდა არჩევნებზე, ვინც დამიჭირა მხარი, მომცა ხმა, ვინც ძალიან დიდ ხანს ასე აქტიურად იღებდა მონაწილეობას ამ კამპანიაში, რომელიც ადვილი არ იყო, “ქართულ ოცნებას”, “ოცნების” აქტივისტებს, ჩემი შტაბის წევრებს, უბრალო ადამიანებს, რომლებიც გვგულშემატკივრობდნენ. შეიძლება ვიღაცამ იფიქროს, რომ ეს არ არის ის გამარჯვება, შეიძლება ველოდით მეტს, მაგრამ პირველ ტურში პირველი ადგილი – ეს არის გამარჯვება. ყველაფრის მიუხედავად, ძალიან ბინძური კამპანიის, ცილისწამების, ყველა იმ ხერხების და მეთოდების, რომელიც ეკუთვნის რუსულ ტექნოლოგიას, ამ ყველაფრის მიუხედავად პირველი ადგილი პირველ ტურში…

“რუსთავი 2″ აჯერებს ხალხს, რომ შეიძლება მოვხსნა კანდიდატურა და რა? ვაშაძეს და რუსეთს დავუთმო ქვეყანა? და რა? მხარდამჭერები და თანამებრძოლეები მივატოვო შუა ბრძოლაში? არა!

მე მგონი არ მიცნობენ, კახელიც ვარ და მეგრელიც, ჯიუტი, ბოლომდე წამსვლელი, ჩემი ხალხის და ქვეყნის ერთგული. ამიტომ მზად ვარ, მზად ვართ მეორე ტურისთვის, მზად ვართ ბრძოლისთვის, იმიტომ, რომ მჯერა თქვენი, ვინც დღეს გვიუსმენთ, მჯერა თქვენი არჩევანის, თქვენი სიბრძნის, რომ თქვენ იცით, რა გინდათ საქართველოსთვის, რომ თქვენც კარგად ხვდებით, რომ დღეს არ არის არჩევანი ორ კანდიდატს, ან პარტიას შორის, დღეს არის არჩევანი ორ საქართველოს შორის, როგორი გვინდა საქართველო და ეს არჩევანი ერთად უნდა გავაკეთოთ. მე მჯერა თქვენი, მივდივართ ერთად ბრძოლაში, რადგან ჩვენ ვიცით რომ ჩვენს მხარესაა სიმართლე, ჩვენს მხარესაა ევროპა, ჩვენს მხარესაა საქართველოის თანამედროვე მომავალი. ერთად საქაღტველოსთვის!”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი