პროკურატურის ინფორმაციით, “ექსპერტიზამ დაადგინა, რომ გავრცელებული აუდიოჩანაწერი, სადაც ზუგდიდის ყოფილი მერის ლაშა გოგიასა და ყოფილი ვიცე-მერის გია გულორდავას მიერ ქრთამის აღებაზეა საუბარი, ავთენტურია,”
როგორც საქმის პროკურორმა ბექა ეჟიშვილმა ჟურნალისტებს სასამართლოს დაწყებამდე განუცხადა, “ბრალდების მხარე ორივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს”.
„მოცემულ საქმეზე სისტემატურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის დაიკითხა ათეულობით მოწმე და ჩატარდა არაერთი ექსპერტიზა. ჩვენ მიერ მოპოვებულია გავრცელებული ჩანაწერის ორიგინალი ვერსია, რომელზეც დაინიშნა ექსპერტიზა. ექსპერტიზის დასკვნით, რომელიც ოქტომბრის ბოლოს მოვიპოვეთ, დადასტურდა მისი ავთენტურობა. მტკიცებულებითი სტანდარტის შექმნის შემდგომ დაუყოვნებლივ მივმართეთ სასამართლოს შუამდგომლობით, რომ მომხდარიყო ლაშა გოგიასა და გია გულორდავას დაკავება. დღეს ბრალდების მხარე მოითხოვს, რომ ორივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახედ გამოყენებული იყოს პატიმრობა გამომდინარე იქიდან, რომ საქმეში არსებობს პირდაპირი მტკიცებულებები”, – განაცხადა ეჟიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია და ყოფილი ვიცე-მერი გია გულორდავა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე არიან ბრალდებული.