საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო იპოთეკურ სესხს კიდევ 110 დევნილ ოჯახს დაუფარავს.
ამ თემასთან დაკავშირებით, მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ ბრიფინგი გამართა. მინისტრის მოადგილის განცხადებით, „დევნილი ოჯახებისთვის იპოთეკური სესხის დაფარვის“ პროექტი 2015 წლიდან დაიწყო და წარმატებით ხორციელდება. ამ დრომდე, სამინისტრომ სესხი უკვე 375 დევნილ ოჯახს დაუფარა.
ამ ეტაპზე, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, სახელმწიფოს მიერ ერთჯერადი ფულადი დახმარება იმ დევნილ ოჯახებზე გაიცემა, რომლებსაც 2019 წლის პირველ იანვრამდე, იპოთეკური სესხით შეძენილი აქვთ სახლი/ბინა, რომელიც ოჯახის ერთადერთ საკუთრებას წარმოადგენს.
იპოთეკური სესხის დაფარვისათვის ფულადი დახმარების მაქსიმალური ოდენობა ერთ ოჯახზე 20 000 ლარს შეადგენს. 2019 წელს, იპოთეკური სესხების დაფარვის პროექტისთვის 2 200 000 ლარი გამოიყო. განცხადების მიღება 14 თებერვალს დაიწყო და 15 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.