ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის მურთაზ ზოდელავას თქმით, გუბერნატორის მოადგილე მალხაზ თორია, რომელიც შს მინისტრის მოადგილის ლევან კაკავას დავალებით მოქმედებს, საჯარო მოხელეებს ავალებს, სხვა მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ახლობლები და ნათესავები ზუგდიდში დაარეგისტრირონ.
მისი განცხადებით, აღნიშნულ პროცედურებს ზუგდიდის იუსტიციის სახლში, მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების ცენტრის თანამშრომელი ელისო ჩემია კურირებს.
“მინდა მალხაზ თორიამ იცოდეს, რომ ყველა ფაქტების შესახებ წვდომა გვაქვს. დეტალურ ინფორმაციას ის საჯარო მოხელეები გვაწვდიან, ვისაც მობეზრდა ამ პირობებში ცხოვრება. მივმართავ იუსტიციის სამინისტროს, რომ დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები, რომ გაკონტროლდეს ზუგდიდში დაწყებული ეს ვაკხანალია“, – განაცხადა ზოდელავამ.
მურთაზ ზოდელავა გუბერნატორს მოუწოდებს, რომ მან მოადგილეების საქმიანობა გააკონტროლოს, რადგან, მისივე თქმით, ისინი დავალებებს შინაგან საქმეთა სამინისტროდან იღებენ.