პარლამენტარები საოკუპაციო ხაზის აფხაზეთის მონაკვეთთან იმყოფებოდნენ

პარლამენტის საზედამხედველო საქმიანობის ფარგლებში, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა და კომიტეტის წევრებმა: ირაკლი ბერაიამ, კობა კობალაძემ, გია ბენაშვილმა, ლევან გოგიჩაიშვილმა და გიორგი ლომიამ საოკუპაციო ხაზის აფხაზეთის მონაკვეთზე არსებული გადასასვლელები და საგუშაგო პუნქტები დაათვალიერეს და იქ არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნენ. დეპუტატებმა ენგურის ხიდი, სოფლები: ორსანტია, ხურჩა, საბერიო და დარჩელი მოინახულეს და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს გაესაუბრნენ.

„ადგილზე გავეცანით სიტუაციას, მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების პირობებს, შესაძლებლობებს, აღჭურვილობას და მათ უსაფრთხოებას. ეგრეთ წოდებული სასაზღვრო პუნქტები, რაც დღეს მოვინახულეთ, ყველაფერი დროებითია. ცივილიზაციას და ბუნებრივ წესრიგს ვერ გაექცევა ვერანაირი იმპერიალიზმი და მათ შორის, ვერც რუსეთი. ჩვენსა და ჩვენს თანამოქალაქე აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობას ყველაფერი საერთო გვაქვს – მიწა, გეოგრაფია, სამშობლო, ურთიერთობები, ტრადიციები. სამწუხარო რეალობაა, რომ ეს ოკუპაცია ყველას შეგვეხო, რადგან რუსეთს თავისი ვიწრო ინტერესი აქვს, რომელიც იმპერიალისტურ ძალას ემსახურება“, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა.

სოფელ ხურჩაში არსებულ გადასასლელთან დეპუტატებმა გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ადგილი მოინახულეს.

„საქართველოს ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს და იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს იმისთვის, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელმა საკუთარ თავზე გამოსცადოს ქართული მართლსაჯულების ძალა და სიმკაცრე. ასევე ვაკეთებთ ყველაფერ იმისთვის, რომ დადგინდეს ჩვენი თანამოქალაქის, ირაკლი კვარაცხელიას რუსეთის ბაზაზე გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების გარემოებები“, – აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ბერაიამ. რაც შეეხება კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობის განხორციელებას, დეპუტატის განცხადებით, უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარების მონახულება და შესწავლა მომავალშიც გაგრძელდება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი