6 თვეა მოსახლეობას ვხვდები და კონკრეტული გეგმები ჩამომიყალიბდა, რა სჭირდებათ მათ – გიორგი შენგელია

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატის, გიორგი შენგელიას განცხადებით, შეხვედრები წინასაარჩევნო პერიოდში არ დაუწყია და მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია 6 თვის წინ, მერის მოადგილედ დანიშვნის შემდეგ დაიწყო.

,,6 თვეა მუნიციპალიტეტში დავინიშნე მერის პირველ მოადგილედ, ამ პერიოდის განმავლობაში აქტიურად მიწევდა მოსახლეობასთან შეხვედრა, ვეცნობოდი მათ პრობლემებს და ამ შეხვედრებიდან გამომდინარე კონკრეტული გეგმები ჩამოყალიბდა, თუ რა სჭირდება დღეს ჩვენი მუნიციპალიტეტის მოსახლეობას. ჩვენი ოპონენტები აპელირებენ პოპულისტურ განცხადებებზე. ისინი მხოლოდ თავიანთი მხარდამჭერების მობილიზებას ახდენენ – მათთან შეხვედრებით ცდილობენ ფონს გასვლას და ერიდებიან ხალხთან ურთიერთობას“ – ეს განცხადება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა, გიორგი შენგელიამ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში, გადაცემაში „პირისპირ“ გააკეთა.

,,ზუგდიდის მერი უნდა იყოს ხალხის მერი და ხალხის გვერდში იდგეს სხვადასხვა საკითხების გადაწყვეტაში. მხოლოდ ერთ პოლიტიკურ ძალასთან ურთიერთობდე და მოსახლეობას გაურბოდე შიშის გამო , რომ რამე კრიტიკული არ მოისმინო – ეს არის ჩვენთვის ყოვლად მიუღებელი. სამწუხაროდ, ეს ჩვენს ოპონენტებს წინასაარჩევნო ფონად გასდევს“ – განაცხადა გიორგი შენგელიამ.

შენგელიამ ხაზი გაუსვა, რომ მოსახლეობას ხელისუფლებასთან კომუნიკაციის პრობლემა ნამდვილად ჰქონდა.

,,სამწუხაროდ იყო გარკვეული უნდობლობის მომენტები ხალხში და კომუნიკაციის ნაკლებობა. ამ საკითხის მოგვარებას ვცდილობ რაც შეიძლება მეტი კომუნიკაციით და ახლოს დგომით. მე ყოველთვის ხელმისაწვდომი ვიქნები მოსახლეობისთვის, როგორც წინასაარჩევნო კამპანიის დროს. სოფლებში რეგულარულად ვაპირებ სიარულს, რომ ოპერატიულად, მყისიერად და შედეგიანად მოხდეს იმ საკითხების მოგვარება, რაც ჩვენი მუნიციპალიტეტის მოსახლეობას აწუხებს”.

კომენტარები

დატოვე კომენტარი