საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ორი ახალი მოადგილე ჰყავს, ამ თანამდებობებს ნიკოლოზ ალავიძე და დავით თვალაბეიშვილი იკავებენ. ამის შესახებ განცხადება დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ გააკეთა.
ნიკოლოზ ალავიძის მუშაობის ძირითადი მიმართულება იქნება – საინვესტიციო პოლიტიკის გაძლიერება, ეფექტური კომუნიკაციის დამყარება როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ ინვესტორებთან. დავით თვალაბეიშვილი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ენერგეტიკის მიმართულებას უხელმძღვანელებს.
“ნიკოლოზ ალავიძე საჯარო სექტორში ბიზნესიდან მოდის – ის შპს Altitude, Altihut 3.014-ის დამფუძნებელი, მმართველი პარტნიორი, აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე მუშაობდა 2015 წლის სექტემბრიდან დღემდე. ამასთან, მას აქვს კერძო სექტორში სხვა კომპანიებში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს, სხვადასხვა პერიოდში ის იყო Union Properties-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, “თიბისი ბანკის“ რეგიონული კორპორატიული საბანკო ბიზნესის ხელმძღვანელი, შპს ვექტორული მართვის ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი, „საქართველოს ბანკის“ რეგიონული კორპორატიული საბანკო დეპარტამენტის უფროსი და ა.შ.
ნიკოლოზ ალავიძე 1994-2000 წლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობდა, აქვს მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო ეკონომიკაში. 2012 – 2015 წლებში სწავლობდა – Grenoble Graduate School of Management, გრენობლი, საფრანგეთი, მაგისტრის ხარისხი ინოვაციურ მენეჯმენტში.
რაც შეეხება დავით თვალაბეიშვილს, როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აღნიშნა, ის ენერგეტიკის სფეროში გამოცდილი ადამიანი, მაღალი კლასის პროფესიონალია. „ის კარგად ფლობს როგორც გაზის თემატიკას, ასევე ელექტროენერგიის სფეროს, ანუ კომპლექსური პროფესიონალია. მისი მთავარი დავალება იქნება, დააჩქაროს ენერგეტიკის სფეროში დაწყებული რეფორმები – ჩვენ ძალიან ამბიციურ რეფორმას ვახორციელებთ, რომლის ამოცანაცაა ჩვენი ენერგეტიკის ტრანსფორმაცია ევროპული ტიპის მწვანე ენერგეტიკად“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.
დავით თვალაბეიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ დანიშვნამდე სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორის თანამდებობაზე მუშაობდა, მანამდე კი საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორი იყო.