„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი გიორგი შენგელია, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან და სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად ექიმებს შეხვდა. გიორგი შენგელიამ მედიკოსებს საარჩევნო პროგრამა წარუდგინა და იმ მნიშვნელოვან პროექტებზე ესაუბრა, რომლებიც ზუგდიდში განხორციელდება.
,,მუნიციპალიტეტი ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის კუთხით ძალიან ბევრ პროექტს ახორციელებს. ჩვენი მთავრობის მთავარი ერთ-ერთი მიმართულება ხელმისაწვდომი ჯანდაცვაა, მოქალაქეებს აქვთ წვდომა ჯანდაცვის ყველა სერვისზე და ეს კარგი მონაპოვარია.
2012 წელთან შედარებით მუნიციპალიტეტში ჯანდაცვის და სოციალური დაცვის ბიუჯეტი ორჯერ გაიზარდა. ხდება არაერთი მიმართულების დაფინანსება, მათ შორის ძვირადღირებული მედიკამენტის და გამოკვლევების დაფინანსება, ოპერაციების თანადაფინანსება, ონკოლოგიური დაავადებების სკრინინგი, აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვების რეაბილიტაცია და სხვა პროგრამები”, – განაცხადა გიორგი შენგელიამ.
მნიშვნელოვანია, რომ გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ რუხში უკვე დასრულდა მრავალპროფილური საავადმყოფოს მშენებლობა, რომლითაც ადგილობრივებთან ერთად ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეები ისარგებლებენ.
გიორგი შენგელიას განცხადებითვე, რუხის მრავალპროფილური საავადმყოფოს მშენებლობა დასრულდა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის ობიექტის გადაცემა.
კომპლექსი შედგება 7 ბლოკისა და სხვადასხვა ტიპის დამხმარე შენობა-ნაგებობებისგან. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო ცენტრი გათვლილია 220 საწოლზე. პარალელურად, სამედიცინო პროფილის სტუდენტებისა და რეზიდენტებისთვის კლინიკის ტერიტორიაზე აუდიტორიები, ბიბლიოთეკა და სპორტულ-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურა მოეწყობა.