გეგა შენგელია გახდება ზუგდიდის მერი – ირაკლი ჩიქოვანი

დამაჯერებლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირველ ტურშივე დასრულდება ეს არჩევნები და გეგა შენგელია გახდება ზუგდიდის მერი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის გიორგი შენგელიას შტაბის უფროსმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

ჩიქოვანის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგი იყო სიტუაციის არევა ზუგდიდში, რასაც ისინი ვერ მოახერხებენ

„მინდა მოგაწოდოთ განახლებული ინფორმაცია ზუგდიდში მიმდინარე საარჩევნო პროცესებთან დაკავშორებით. როგორც მოსალოდნელი იყო, მაღალი აქტივობის პირობებში გეგა შენგელია ლიდერობს და ჩვენ უკვე დამაჯერებლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირველ ტურშივე დასრულდება ეს არჩევნები და გეგა შენგელია გახდება ზუგდიდის მერი. თუმცა, კიდევ ერთხელ მივმართავ ჩემს ზუგდიდელებს, რომ მათ კვლავაც უნდა გააგრძელონ აქტიური მონაწილეობა არჩევნებზე, თითოეულმა ჩვენგანმა უნდა მიიღოს მონაწილეობა, რათა საბოლოოდ გავაფორმოთ ჩვენი გამარჯვება.

ახლა იწყება ახალი ეტაპი ჩვენი ამომრჩევლების მობილიზაციის და ეს ადამიანები უკვე მზად არიან მოვიდნენ, დაგვიდასტურეს მათი მონაწილეობის შესახებ და ჩვენ კიდევ მეტ და დიდ უპირატესობას ველოდებით ჩვენი კანდიდატის სასარგებლოდ. ხოლო, რაც შეეხება იმ მოვლენებს, რომელიც ვითარდებოდა პროვოკაციების ფონზე „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან და სხვადასხვა ე.წ არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, ცხადზე ცხადია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგი იყო სიტუაციის არევა ზუგდიდში, სიტუაციის ე.წ ადუღება, როგორც ისინი ამბობენ და შემდგომში ამ ვითარების გავრცობა მთელს საქართველოზე. პირდაპირ ვამბობთ, რომ ეს ზუგდიდიდან არ დაიწყება და ამას ზუგდიდიდან ისინი ვერ მოახერხებენ.

ნათელია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჩართვა სრული დადასტურებაა იმ ინფორმაციისა, რომელიც რამდენიმე საათის წინ გავრცელდა ჩვენი შტაბის მხრიდან და ყველა ნათლად ხედავთ, რომ ზუგდიდში ჩამოსული ადამიანები, მათ შორის სანდრა რულოვსი არც არასოდეს გეგმავდა რეალურად ზუგდიდელების პრობლემებზე საუბარს და ზრუნვას. არამედ, მათი მთავარი საზრუნავი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან დებოშის ატეხვა ზუგდიდში და ქაოსი სრულიად საქართველოში.

კიდევ ერთხელ მივმართავ ყველა ჩვენს აქტივსტს, გამოიჩინონ მაქსიმალური მოთმინება. გასაგებია, რომ ის, რასაც ჩვენ ვხედავთ ტელევიზიით არის ამაზრზენი, არის შეურაცხმყოფელი ზუგდიდელების მიმართ, მაგრამ გამოიჩინეთ მაქსიმალური მოთმინება, სულ რამდენიმე საათია დარჩენილი, რომ ჩვენ ვიზეიმოთ გამარჯვება“,-განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის საარჩევნო შტაბის უფროსმა ირაკლი ჩიქოვანმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი