წინასაარჩევნო კამპანია 8 ივნისიდან დაიწყება

საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია 8 ივნისიდან დაიწყება.

ამის შესახებ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერეციაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

ქვეყნის პირველმა პირმა პრემიერთან, პარლამენტის სპიკერსა და ცესკოს თავმჯდომარესთან გამართული კონსულტაციები შეაჯამა და აღნიშნა, რომ გარკვეულ კონსენსუსამდე მივიდნენ.

„შეხვედრაზე განხილულ იქნა რამდენიმე საკითხი. პირველ რიგში, ვისაუბრეთ საარჩევნო პროცედურების შესახებ. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ჩვენ შეთანხმებული ვიყავით არჩევნების თარიღის თაობაზე და არჩევნების თარიღი არის უცვლელი – 8 ოქტომბერი. რაც შეეხება საარჩევნო კამპანიის გამოცხადების თარიღს, აქაც მივედით კონსენსუსამდე, გარკვეულწილად შევაჯერეთ ჩვენი პოზიციები და შევთანხმდით, რომ ჩემს მიერ გაგზავნილი გადაწყვეტილების კონტრასიგნაცია მოხდება 8 ივნისს, რაც ნიშნავს იმას, რომ საარჩევნო კამპანია გაგრძელდება 4 თვის განმავლობაში”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი