დაწყებულია გამოძიება პროკურატურაში, ხოლო შსს-ს გენერალურ ინსპექციაში – სამსახურებრივი მოკვლევა და გამოძიება, – ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა მედიასთან შეხვედრისას განაცხადა.
მისი თქმით, პროკურატურის ინიციატივით, გამოძიებაზე მონიტორინგისთვის მიწვეულია ომბუდსმენი, რასაც მისასალმებელია.
“მას შემდეგ, რაც უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებმა პროვოკაციული მოწოდებების შემდეგ ხალხი და პოლიცია შეატოვეს ერთმანეთს, ჩვენ მოვახდინეთ იდენტიფიცირება და იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ჩათრეული აღმოჩნდნენ მასობრივ არეულობაში ორგანიზატორების მიერ, მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად სამართალდარღვევა სახეზე იყო, პროკურატურის მოთხოვნით, მათ საპატიმრო ღონისძიება შეეცვალათ. ამჟამად, ყველა მშვიდობიანი დემონსტრანტი, რომელიც იყო ამ პროვოკაციის მსხვერპლი და ფორმალურად იდენტიფიცირებულია, როგორც ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი, დღეს საკუთარ სახლში იმყოფება.
ამასთანავე, იდენტიფიცირებულია პოლიტიკოსების მიერ ორგანიზებულ მასობრივ ძალადობაში სისხლის სამართლებრივად მონაწილე პირები. ისინი, ორგანიზატორებთან ერთად, აუცილებლად წარდგებიან მართლმსაჯულების წინაშე და ეს პროცესი უკვე დაწყებულია. ამასთან ერთად, 10 პოლიციელს უკვე შეუჩერდა უფლებამოსილება, რამდენიმე მათგანის საქმიანობაში იკვეთება ნიშნები და კიდევ ერთხელ მსურს განვაცხადო – ჩვენ უზრუნველვყოფთ ამ გამოძიების პროცესი მაქსიმალურ ტრანსფარენტულობას.
დღეს გიორგი გახარიას ექნება ინტერვიუ, სადაც მას ექნება შესაძლებლობა, ისაუბროს თითოეულ დეტალზე და ქრონოლოგიაზე, თუ რა პროვოკაციასთან და საფრთხესთან გვქონდა ჩვენ საქმე 20 ივნისს.
ეს პროცესი ძალიან მაღალი დონის შიდა და საერთაშორისო მონიტორინგის ქვეშ არის. ჩვენი პირველადი ამოცანაა, ეს პროვოკაცია ამოიწუროს და არ დარჩეს არც ერთი კითხვის ნიშანი. ჩვენ რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება არ გვიჭირს და გვაქვს უმაღლესი სტანდარტი, ასე მოხდა, როდესაც ჩვენს უახლეს ისტორიაში გადადგა გენერალური პროკურორი და იგივე შემიძლია ვთქვა, როდესაც გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ”, – განაცხადა პრემიერმა.