“რუსთავი 2”-მა მაუწყებლობა შეწყვიტა

“რუსთავი 2”-ში მომხდარი ფაქტის შემდეგ გამართული აქციის ფონზე ტელეკომპანიამ მაუწყებლობა შეწყვიტა. კომპანიის დირექტორ ნიკა გვარამიას განცხადებით, მაუწყებლობა არ აღდგება, ვიდრე “რუსთავი 2”-ის სრული უსაფრთხოება უზრუნველყოფილი არ იქნება.

„ახლა უკვე ადგილი აქვს სისტემურ ძალადობას ჩვენს ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე. რასაც ჩვენ ვუყურებთ, ეს არ არის სპონტანურად შეკრებილი აქცია, არამედ ხელისუფლების მიერ დაორგანიზებული აქცია. ვხედავთ აქ აბსოლუტურად ნაცნობ სახეებს, რომლებიც ყველა ვითარებაში ჰყავს გავეშებული საქართველოს პროპუტინისტურ ხელისუფლებას, ახლა უკვე შეგვიძლია, ეს დანამდვილებით ვთქვათ. ჩვენ მივიჩნევთ, რომ დღეს გაბუნიას ძალიან სამწუხარო ინციდენტისა და შეცდომის ერთადერთი პოზიტიური მხარე აღმოჩნდა, რომ საზოგადოებაში მოხდა აბსოლუტური ლუსტრაცია, მივიღეთ ხელისუფლების კიდევ უფრო მეტი ხარისხის ლუსტრაცია, ვიდრე ეს იყო გავრილოვის მოვლენების დროს. საქართველოს ხელისუფლებამ ვერ აიტანა მის ეთერში პუტინის უხამსად მოხსენიება. ვიძლევი განკარგულებას, რომ მოიხსნას ყველა ჯგუფი პირდაპირი გაშუქებიდან. ეს ბრბო არის საქართველოში რუსეთის წარმომადგენლობა, ისევე როგორც ხელისუფლება, ამიტომ ჩვენ ვწყვეტთ პირდაპირ ტრანსლაციას და ამ წუთიდან, ვიდრე არ იქნება სრული უსაფრთხოება უზრუნველყოფილი „რუსთავი 2″-ის, ჩვენ საერთოდ ვაჩერებთ მაუწყებლობას. მაშ ასე, “რუსთავი2″ წყვეტს საკუთარ მაუწყებლობას, ჩვენ ახლა ვაქრობთ მიმდინარე ეთერს, ყველა ჟურნალისტი შემოვა ტერიტორიაზე”, – განაცხადა გვარამიამ, რის შემდეგაც ტელეკომპანიის მაუწყებლობა შეწყდა.

შეგახსენებთ, რომ “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ გადაცემის ეთერი რუსულ ენაზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის გინებით და შეურაცხყოფით გახსნა, რასაც მოქალაქეების მხრიდან ტელეკომპანიის შენობასთან საპროტესტო აქცია მოჰყვა. ხელისუფლება მომხდარს ქვეყნის წინააღმდეგ პროვოკაციად აფასებს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი