ზუგდიდის ვიცე-მერმა N2 საბავშვო ბაღის მშენებლობა დაათვალიერა

ზუგდიდში, ბერიას ქუჩაზე, N 2 საბავშვო ბაღის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.

სამშენებლო სამუშაოებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიგა ფარულავა გაეცნო.

,,ზუგდიდში, ახალი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი შენდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. პატარები კეთილმოწყობილ გარემოში შეძლებენ სკოლამდელი განათლების მიღებას, რასაც აქამდე ვერ ახერხებდნენ. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 1 167 999 ლარია“- აღნიშნა გიგა ფარულავამ.

საბავშვო ბაღი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ადაპტირებული იქნება, იფუნქციონირებს 5 ჯგუფი, რომელიც 125 აღსაზრდელს მიიღებს. ბაღის მშენებლობისთვის ბიუჯეტიდან 1 167 999 ლარი იხარჯება.

ბერიას ქუჩაზე არსებული ბაღი ავარიული იყო, რის გამოც ბავშვებს კერძო სახლში, ნაქირავებ ფართში უწევთ სკოლამდელი განათლების მიღება. ახალი ბაღის მშენებლობით კი ეს პრობლემა მოგვარდება.

მიმდინარე წელს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 18 000 000 ლარზე მეტი ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება. მათ შორის არის გზების რეაბილიტაცია, ეზოების კეთილმოწყობა, ხეივანი, სანაპირო ზოლის ინფრასტრუქტურის მოწყობა და სოფლის ამბულატორიების რეაბილიტაცია.

კომენტარები

დატოვე კომენტარი