ზუგდიდში წარჩინებული კურსდამთავრებულები დაჯილდოვდნენ

ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლეში, წარჩინებული კურსდამთავრებულების, ოქროსა და ვერცხლის მედალოსნების დაჯილდოება გაიმართა.

მედალოსნებს სიგელები და წიგნები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ, მერის მოადგილე კონსტანტინე კაკავამ, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა კახა ფარცვანიამ და საკრებულოს წარმომადგენლებმა გადასცეს.

,,მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს გილოცავთ ამ დღეს, ყოველთვის ვცდილობთ ლამაზად ჩავატაროთ ეს ღონისძიება, რადგან თქვენ ხართ ჩვენი მომავალი, ადამიანები, რომელზეც დგას ჩვენი სახელმწიფო. თითოეული თქვენგანის წარმატება, თქვენი განვითარება და წახალისება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ წარმატებას, რომელიც თქვენი ძალიან დიდი შრომის შედეგია. მნიშვნელოვანია, რომ ზუგდიდში გვყავს 93 მედალოსანი, რაც არც ისე ცოტაა, ვისურვებდი რომ ეს რიცხვი მომავალში კიდევ უფრო გაიზარდოს, ვინაიდან ჩვენ გვაქვს პოტენციალი ვიყოთ წარმატებულები და ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეზე. ღმერთმა გვიმრავლოს თქვენისთანა წარმატებული ადამიანები“-აღნიშნა გიორგი შენგელიამ.

დაჯილდოვდა 93 წარმატებული მოსწავლე, მათგან 64 ოქროს, ხოლო 29 ვერცხლის მედალოსანია.

ღონისძიებაში, კალიფორნიის შტატში, საერთაშორისო მუსიკის ფესტივალ ,,მსოფლიო ვარსკვლავები“-ს გამარჯვებული თამუნა ლილუაშვილი და და-ძმა ლიზი და ვატო ჭკადუები მონაწილეობდნენ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი