ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქტომბრის მოსახლეობა დღეიდან, ახალი ხიდით ისარგებლებს. ხიდის მშენებლობაზე 250 000 ლარი დაიხარჯა და ის საქველმოქმედო ფონდმა „ქართუ“ დააფინანსა, სამუშაოები კი კომპანია „ზიმომ“ განახორციელა.
ხიდის მშენებლობა 2019 წლის 25 ივნისს დაიწყო და სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობდა. სოფელში ხიდი 90-იანი წლების დასაწყისში, სამოქალაქო დაპირისპირების დროს დაინგრა, რის გამოც ადგილობრივ მოსახლეობას სავარგულებამდე მისასვლელი გზა არ ჰქონდა და შემოვლითი გზით უხდებოდა სარგებლობა. ამჟამად სოფელში 3 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.
ახალი ხიდის გახსნას ფონდ „ქართუს“ დირექტორი ნიკოლოზ ჩხეტიანი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ირაკლი ქარსელაძე სთან, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერთან გიორგი შენგელიასთან, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიასთან, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე მალხაზ თორიასთან ერთად დაესწრო.
სოფელ ოქტომბერში ხიდის მშენებლობა ფონდ „ქართუს“ მიერ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში განხორციელებულ პროექტებს შორის ერთ-ერთია.
სამეგრელოს რეგიონში, „ქართუს“ დაფინანსებით 60 მილიონი ლარის ოდენობის სამუშაოები ხორციელდება. მხოლოდ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დასრულებული პროექტებისთვის ფონდიდან გადარიცხულია 25 მილიონ ლარამდე.
„ განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ფონდ „ქართუს“ ამ არაჩვეულებრივი პროექტის მხარდაჭერისთვის. გარდა ამისა, ფონდის მიერ, ზუგდიდში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ფინანსდება, კერძოდ, „ქართუს“ უკვე დაფინანსებული აქვს „ნიკოსეული“ სასახლის აღდგენისთვის განხორციელებული სამუშაოები, სწორედ, ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით შენდება ზუგდიდის ახალი თეატრი, რომელშიც ფონდი 18 მილიონ ლარს ხარჯავს. ასევე, საუბარია სხვადასვხა ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებაზე, რასთან დაკავშირებითაც უკვე ვაწარმოებთ მოალაპარაკებებს. დარწმუნებული ვარ, ბევრი კარგი და კეთილი საქმე გაკეთდება ზუგდიდის მუნიციპალიტეტში“. – აღნიშნა მოსახლეობასთან სიტყვით მიმართვისას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ.
დღეისათვის ფონდი „ქართუ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შემდეგ პროექტებს აფინანსებს:
• ზუგდიდის თეატრის მშენებლობას – 17 000 000 ლარით;
• ზუგდიდის ივერიის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძრის მშენებლობას – 1 000 000 ლარით;
• ნარეზენის მონასტრის სარემონტო სამუშაოებს – 600 000 ლარით;
• სოფელ ძველ ხიბულაში ზვიად გამსახურდიას სახლ-მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოებს – 200 000 ლარით;
• სოფელ ძველ ხიბულაში ეკლესიის მშენებლობას – 1,5 მილიონი ლარით (მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები) რაც შეეხება უკვე დასრულებულ პროექტებს, ნიკო დადიანის სასახლის აღდგენითი სამუშაოები ფონდმა „ქართუ“ 2,6 მილიონი ლარით დააფინანსა, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციაში თანამონაწილეობის სახით კი 137 ათასი ლარი გაიღო.