რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ რძის პროდუქციაზე ფასები მომატებულია, მიზეზი კი მსოფლიო ბაზარზე რძის ფხვნილის ფასის ზრდა და ლარის კურსის გაუფასურებაა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა კახაბერ კონიაშვილმა განუცხადა, ქართულ ბაზარზე რძის დეფიციტის პრობლემაა, შესაბამისად, ქვეყანაში ხდება რძის ფხვნილის იმპორტი და ლარის გაუფასურებიდან გამომდინარე ამ ნედლეულის და შესაბამისად, საბოლოო პროდუქციის ფასიც გაზრდილია.
„იქიდან გამომდინარე, რომ დღეს ჩვენ გვაქვს ობიექტური რეალობა, რაც ხარისხიანი და ჯანსაღი რძის დეფიციტში გამოიხატება, გვაქვს რძის ფხვნილის იმპორტი. მსოფლიო ბაზარზე ზოგადად რძის ფხვნილის ფასი გაიზარდა და მითუმეტეს ლარის გაუფასურების პირობებში ეს კიდევ უფრო მძიმედ აწვება გადამამუშავებელ მრეწველობას და რძის პროდუქტების გაძვირება მოხდა. ეს სამწუხარო რეალობაა, რომელსაც ვერ გავექცევით, რადგან რძის ტოტალური დეფიციტი გვაქვს. როდესაც ნედლეული ძვირდება, შესაბამისად საბოლოო პროდუქტზე ეს ყოველთვის აისახება,“-აცხადებს კახაბერ კოხნიაშვილი.
მისივე თქმით, რძის დეფიციტის პრობლემის აღმოსაფხვრელად საჭიროა რძის მწარმოებელი ფერმერული მეურნეობის შექმნისა და გაძლიერების, ასევე ამ კუთხით ცოდნის გაზრდის ხელშეწყობა.