აქცია-პიკეტი უშგულში – ადგილობრივების პროტესტი და სვანეთში ჩარჩენილი ათეულობით უცხოელი ტურისტი

რამდენიმე საათია, უშგული-მესტიის ცენტრალური მაგისტრალი ადგილობრივ მოსახლეობას აქვს გადაკეტილი. აქციის მონაწილეები დაზიანებული კოშკების აღდგენას და მთავარი გზის რეაბილიტაციას ითხოვენ. ისინი ასევე ზვავსაშიშ ტერიტორიებზე ამახვილებენ ყურადღებას და ზვავამრიდების დამონტაჟების აუცილებლობაზე საუბრობენ.

“ჩვენი მთავარი მოთხოვნა დაზიანებული კოშკების აღდგენაა. კონკრეტული პასუი არ გაქვს ხელისუფლებისგან, როდის დაიწყება ამ ისტორიული ძეგლების რეაბილიტაცია, ასევე ვითხოვთ გზის რეაბილიტაციას, რომელიც წლებია, დაუსრულებელია. ახლა კი ვართ იმ ზონაში, რომელიც ზვავსაშიშ ზონად ითვლება და აქ წლების წინ ჩამოწოლილ ზვავს 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. საჭიროა ზვავამრიდების დაყენება, თუმცა ამ წუთას ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა კოშკების რეაბილიტაციაა”, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილე იური ჩარკვიანმა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ვიდრე კონკრეტულ პასუხს არ მიიღებენ მათი მოთხოვნების შესახებ, მანამდე არ დაიშლებიან.

აქციის გამო უშგული-მესტიის გზაზე ასობით ტურისტია ჩარრჩენილი, რომელიც გადაადგილებას ვერ ახერხებს.

სოციალურ ქსელში მოქალაქეები წერენ, რომ პრობლემა შეექმნა ათეულობით უცხოელ ტურისტს, რომელთა შორის არიან ბავშვებიც.

კოშკების რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ პრობლემა საკმაოდ კრიტიკულია და კომპლექსურ მოგვარებას საჭიროებს, თუმცა კონკრეტულ ვადებზე საუბარი ამ ეტაპზე შეუძლებელია.

მესტიის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი კი აპირებს რომ აქციის მონაწილეებს პირადად შეხვდეს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი