“თი ბი სი” ბანკის დამფუძნებელ მამუკა ხაზარაძის ინფორმაციით, არის საკითხები, რომელთა გახმოვანებასაც გეგმავს და საზოგადოებას ამცნობს იმ დინების შესახებ, რომელიც სამთავრობო უწყებებში რუსული გავლენის სახით ანაკლიის პორტის პროექტს ეწინააღმდეგება.
ამის შესახებ ხაზარაძემ გენერალური პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, სადაც ის და ბანკის კიდევ ერთი დამფუძნებელი ბადრი ჯაფარიძე მათ წინააღმდეგ წაყენებული ბრალის დაზუსტების მიზნით დაიბარეს.
„არის საკითხები, რომლებსაც გავახმოვანებთ და საზოგადოებას ეცოდინება ის დინება, რომელიც პირდაპირ სამთავრობო უწყებებში, ე.წ. მეხუთე კოლონის სახით, რუსული გავლენის სახით ეწინააღმდეგება ჩვენთვის, საქართველოსთვის, ქართველებისთვის უმნიშვნელოვანეს პროექტს. ანაკლია არ არის მარტო ღრმაწყლოვანი პორტი, ეს არის ჩვენი ქვეყნის შემოტრიალება, შემოტრიალება ერთხელ და სამუდამოდ ევროპისკენ, უსაფრთხოების და ჩვენი ეკონომიკური წინსვლის გარანტია. ამიტომ, პირდაპირ მოვუწოდებ იმ ხალხს, ჩამალულებს რუსული „პაგონების“ ქვემოთ, არაფერი გამოგივათ, ანაკლიას ავაშენებთ და ავაშენებთ ჩვენი პარტნიორი ამერიკის და ევროპის ინვესტიციებით!“, – აღნიშნა ხაზარაძემ.